ფოთში, მდინარეების ნაპირებზე წყალმა დიდი რაოდენობით მკვდარი თევზი გამორიყა

ფოთში, მდინარეების კაპარჭისა და შავღელის ნაპირებზე წყალმა დიდი რაოდენობით მკვდარი თევზი გამორიყა. მეთევზეებისთვის მიზეზი უცნობია. ისინი ამბობენ, რომ თევზები შესაძლოა დაუდგენელი დაავადებით იყოს დახოცილი.

მეთევზეების თქმით, ძირითადად ერთი სახეობის თევზი (კარჩხანა) არის დახოცილი.

,,ჩემი აზრით, რაღაც ავადმყოფობაა გავრცელებული, თორემ წყალზე, რომ იყოს დამოკიდებული, ყველა სახეობის თევზი დაიხოცებოდა. ჩვენ მიზეზი არ ვიცით. მოვითხოვთ, სპეციალისტებმა გამოიკვლიონ, თუ რამ გამოიწვია თევზების დახოცვა“, - განაცხადა მეთევზე შუქურ ხარბედიამ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს თევზაობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის უფროსი არჩილ გუჩმანიძე აცხადებს, რომ ისინი მომხდარის შესახებ ინფორმირებულები არიან. მისივე თქმით, სპეციალურმა ჯგუფმა წყლისა და თევზის სინჯები აიღო. თუ რამ გამოიწვია თევზის დახოცვა, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.