„კახური ტრადიციული მეღვინეობას“ (KTW) შვილობილი კომპანია „ნენა“ მიმდინარე წელს თაფლის წარმოების დაწყებას გეგმავს.
ამის შესახებ, „ბიზნესპრესნიუსს“ KTW-ს დამფუძნებელმა ზურაბ ჩხაიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, დაახლოებით 2 კვირაში ჩამოვა შესაბამისი მანქანა-დანადგარები, რის შემდეგაც წარმოებას დაიწყებენ.
„დაკვირვებამ გვიჩვენა, რომ ევროპაში თაფლის დეფიციტია. შესაბამისად, გადავწყვიტეთ წელს მისი წარმოებაც დავიწყოთ. ამასთან, ჩვენ დავეხმარებით რეგიონში ყველას, ვისაც თაფლის რეალიზაციის პრობლემა ექნება. მათგან შევისყიდით თაფლს და მის რეალიზაციას მოვახდენთ“, - ამბობს ჩხაიძე.
„ნენას“ მურაბები, ჯემები, კომპოტები და საწებლები ადგილობრივთან ერთად, საექსპორტო ბაზრებზეც იყიდება. როგორც ჩხაიძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, პროდუქცია დაახლოებით 8-9 ქვეყანაში გავიდა ექსპორტზე. მათ შორის, რუსეთში, ჩინეთში, გერმანიაში, ჩეხეთსა და ისრაელში.
ზურაბ ჩხაიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ასევე გამოეხმაურა და უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საწარმო „ნენა“ დაიხურა.
როგორც მან აღნიშნა, ქარხანა ამ ეტაპზე მართლაც დახურულია, თუმცა ეს სეზონიდან გამომდინარე მოხდა.
„ხილის გადამამუშავებელი ორივე ქარხანა - აჭარაშიც და გურიაშიც, ამ ეტაპზე დახურულია, რადგან ზამთარია და ხილი არ არის. არა მარტო ამ წელს, ეს საწარმოები ყოველ ზამთარს იქნება დახურული“, - ამბობს ჩხაიძე.
მისივე ცნობით, ქარხნის წარმადობა 900 -1 000 მილიონი ერთეული პროდუქტის წარმოებაა. რაც შეეხება დასაქმებულებს, სეზონზე საწარმოში 30-40 ადამიანი მუშაობს.