ბათუმის ზუთხსაშენი მარტში გაიხსნება

კომპანია ”იხტიოსი”, რომელიც ბათუმში 2010 წელს დაფუძნდა და კავკასიაში პირველი თანამედროვე დახურული სისტემის ზუთხსაშენია,რამდენიმეწლიანი გადაიარაღების შემდეგ მარტში გაიხსნება.

ამის შესახებ bpn.ge-ს კომპანიის ხელმძღვანელმა, ნუგზარ დუმბაძემ განუცხადა.

დუმბაძის თქმით, კომპანიაში საწარმოო ხაზი არასწორად დამონტაჟდა, რის გამოც სრულფასოვნად ვერ მუშაობდა, შესაბამისად, ”იხტიოსის” დამფუძნებლებს, დამატებით, ნახევარი მილიონი დოლარის ინვესტიციის გაღება მოუწიათ.

”კომპანია წელიწადში 100 ტონა ზუთხს მოაშენებს, სამ-ოთხ წელიწადში კი უკვე ხიზილალის წარმოებასაც დავიწყებთ. სადედე გუნდი მეორე თევზსაშენ ”აკავრეთაში” უკვე გამოზრდილი გვყავს”, - განაცხადა ნუგზარ დუმბაძემ.

"იხტიოსის” საწარმოს ორგანიზება-ამოქმედება ინვესტორებს უკვე დაუჯდათ 1 მილიონი დოლარი. სულ მოეწყობა 1000 კუბური მეტრის საერთო ტევადობის 24 აუზი, რომლებიც აღჭურვილი იქნება მექანიკური და ბიო ფილტრებითა და ჟანგბადის ოქსიგენერატორებით.

კომპანიას ოთხი მესაკუთრე ჰყავს, მათ შორის მარინა ბერიძე, რომელიც პარლამენტარ მურმან დუმბაძის ძმის ცოლი და აჭარის უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარეა, ირაკლი სირაბიძე, ასევე სომხეთისა და რუსეთის მოქალაქეები. ეს უკანასკნელი კი, ნუგზარ დუმბაძესთან ერთად აკავრეთაში კიდევ ერთ მსხვილ თევზსაშენს ფლობს.