„ევროპული საქართველოს“ განცხადებით, დედოლარიზაციაზე მთავრობის დანაპირები თავშივე განწირული იყო წარუმატებლობისთვის.
„მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი ლარის კურსის დასტაბილურების მიზნით დედოლარიზაციის პროგრამა იყო. მოცემული ინიციატივის დაანონსებიდან პირველივე დღეს ლარის კურსი მკვეთრად დაეცა, რაც ნიშნავს იმას, რომ ინიციატივა თავიდანვე არასწორი იყო და ბაზარმაც შესაბამისი რეაგირება მოახდინა.
საქართველოში დოლარში სესხი 500 000 მოქალაქეს გააჩნია. მოცემული პროგრამით, მთავრობა გვპირდებოდა, რომ 33 000 ადამიანი იხეირებდა, თუმცა ლარიზაციის პროგრამით მხოლოდ 4 500 - მა მოქალაქემ ისარგებლა, რაც მხოლოდ და მხოლოდ დანაპირების 13%-ია. ეს ნიშნავს იმას, რომ მთავრობის დანაპირები თავშივე განწირული იყო წარუმატებლობისთვის.
პროგრამას მრავალი უარყოფითი მხარე აქვს. მათგან მნიშვნელოვანი ისაა, რომ მსესხებლების დიდი ნაწილი არ ირჩევს მოცემულ პროგრამას, რადგან ლარში საპროცენტო განაკვეთი საკმაოდ მაღალი გამოსდით და არ უღირთ დოლარიდან ლარში სესხის გადატანა. ასევე, ბიუჯეტიდან გამოყოფილია 65 მილიონი ლარი, რაც სოციალურად უსამართლო პროექტად აქცევს მოცემულ ინიციატივას, რადგან ის ადამიანები, რომლებსაც საერთოდ სესხი არ აქვთ, უხდიან ფულს იმ ადამიანებს, ვინც დოლარში სესხის აღების გამო იზარალეს.
ასევე, ისმის კითხვის ნიშნები: შეუძლიათ თუ არა იმ ადამიანებს, რომლებმაც მოცემული პროექტით ისარგებლეს, კვლავ დაუბრუნდნენ დოლარში სესხს?
შეჯამების სახით, აუცილებელია აღინიშნოს, რომ საქართველოში დოლარში სესხი აქვს 500 000 ადამიანს. პროექტი ითვალისწინებდა 33 000 მოქალაქის დახმარებას და საბოლოოდ მოცემული წარუმატებელი პროექტი დაეხმარა მხოლოდ და მხოლოდ დაგეგმილის 13%-ს“, - აღნიშნულია „ევროპული საქართველოს“ ინფორმაციაში.