ბოსტნეულის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიებზე მარნეულსა და რუსთავში ფერმერებს ტრენინგი ჩაუტარდათ

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და ჩინური კომპანია „ჰუნანის“ სოფლის მეურნეობის ჯგუფის ორგანიზებით, რუსთავსა და მარნეულში ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიებზე ფერმერებს ორკვირიანი ტრენინგი ჩაუტარდათ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო კურსი მიზნად ისახავდა ფერმერებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის ბოსტნეული კულტურების - კიტრის, პომიდვრის, ბადრიჯნის, წიწაკის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების სწავლებას, ასევე, ცოდნის გაღრმავებას მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლისა და მზის სათბურების მშენებლობის სპეციფიკისა და მართვის საკითხებზე.

აღნიშნული სასწავლო კურსი რიგით მეშვიდეა, რომელიც კვლევითი ცენტრისა და კომპანია „ჰუნანის“ სოფლის მეურნეობის ჯგუფის ერთობლივი მასშტაბური პროექტის „სასათბურე ბოსტნეულის წარმოების“ ფარგლებში ხორციელდება.

სასწავლო კურსის მონაწილეებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში მზის ერთსივრციანი სათბურები დაათვალიერეს, კვლევების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ და ბოსტნეულის მყნობისა და ჩითილების გამოყვანის პროცესში მიიღეს მონაწილეობა.

ტრენინგის დახურვას სოფლის მერნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე დაესწო და მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა.

„მსგავსი ტიპის პროექტები ქართველ ფერმერებსა და დარგით დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს გაიარონ თეორიული და პრაქტიკული სწავლება, გაიზიარონ ჩინეთში ამ კუთხით არსებული გამოცდილება და უკეთ გაეცნონ ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებს. აღნიშნული პროცესი ხელს უწყობს ჩინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და სასათბურე მეურნეობების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას“, - აღნიშნა ლევან უჯმაჯურიძემ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, საქართველო-ჩინეთის ერთობლივი ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში, შულავერში კომპანია „ჰუნანის“ სოფლის მეურნეობის ჯგუფის მიერ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის კუთვნილ 5 ჰექტრამდე მიწის ფართობზე აშენებულია მზის და ერთსივრციანი 6 დიდი და 27 პატარა სათბური. ახალი ტექნოლოგიებით აშენებული და აღჭურვილი სათბურები სამეცნიერო-კვლევითი დანიშნულებისაა.

რიგით მერვე ტრენინგი 27 მარტს დაიწყება და 7 აპრილამდე გაგრძელდება. ტრენინგები, რომლის ფარგლებშიც სასაწავლო კურსს 35 ფერმერი და აგრარული მიმართულების სტუდენტი გაივლის, უფასოა.

აღსანიშნავია, რომ „ჰუნანის“ სოფლის მეურნეობის ჯგუფის მხარდაჭერით სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, უკვე 300-მდე ფერმერი და დაინტრესებული პირი გადაამზადა.