კომპანია „ადიდასის“ ხელმძღვანელის კასპერ რორშტედის განცხადებით, ბრენდი სარეკლამო კამპანიას ინტერნეტ არხებზე მიმართავს.
მისივე თქმით, კომპანია ვარაუდობს, რომ 2020 წლისთვის ინტერნეტ კომერციის მოცულობას 4 მილიარდ ევრომდე გაზრდის. 2016 წელს „ადიდასის“ შემოსავალმა ინტერნეტ კომერციიდან 1 მილიარდი ევრო შეადგინა.
„თანამედროვე ახალგაზრდები აქტიურად იყენებენ ინტერნეტ არხებსა და მობილურ მოწყობილობებს. ისინი სწორედ ამ არხებით ურთიერთობენ ჩვენთან. ამიტომ ინტერნეტ რეკლამა ჩვენთვის მთავარი ხდება. სატელევიზიო რეკლამას უკვე აღარავინ უყურებს“, - აღნიშნა CNBC-სთან ინტერვიუში კასპერ რორშტედმა.
თუმცა, „ადიდასის“ ხელმძღვანელის მოსაზრებას სხვა ცნობილი ბრენდების წარმომადგენლები არ ეთანხმებიან. „კოკა-კოლას“ მარკეტინგის დირექტორის მარკუს დე კვინტოს განცხადებით, ბრენდისთვის სატელევიზიო რეკლამა მნიშვნელოვანია, ვინაიდან ტელევიზია უფრო მეტი გაყიდვების გენერირებას ახდენს, ვიდრე დიჯიტალი.