მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეების დახლები აიღეს.ადგილზე მობილიზებული არიან მერიის ზედამხედველობის სამსახურის, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.
დღეს დილიდან, მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა აღმაშენებლის გამზირზე, მეტრო „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეებს უნებართვო საქმიანობის განხორციელების უფლება აღარ მისცეს. გარემოვაჭრეები აცხადებენ, რომ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ისინი არავის გაუფრთხილებია. მათივე თქმით, ისინი უკიდურესად მძიმე სოციალურ პირობებში იმყოფებიან და წასასვლელი არსად აქვთ.
გარემოვაჭრეები თბილისის მერიასთან საპროტესტო აქციას გეგმავენ. ასევე, არ გამორიცხავენ, რომ "ბავშვთა სამყაროს" დაწვის შედეგად დაზარალებულთა პროტესტს შეურთდნენ.