სადაზღვევო სისტემა ცვლილებების მოლოდინშია. ამ თვეში უკვე განხორციელდა ერთი ცვლილება, კერძოდ, საყოველთაო და კერძო პაკეტები გაიმიჯნა, რასაც ამ სფეროს წარმომადგენლები უარყოფითად აფასებენ.
რას ფიქრობენ ისინი აპრილში მოსალოდნელ ცვლილებებზე? - ამის თაობაზე „ბიზნესპრესნიუსი“ საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელს - დევი ხეჩინაშვილს ესაუბრა.
“მიგვაჩნია, რომ დაზღვევის სისტემაში დაგეგმილი ცვლილებები როგორც პროცესუალურად, ასევე თვისობრივად სწორი და კარგია. მივესალმები იმას, რომ ჩვენ გადავდივართ სწორ ინდიკატორზე ანუ დაზღვეულთა შემოსავალზე - მე ეს პოზიტიურ ცვლილებად მიმაჩნია. დიდი კამათი მოჰყვა იმას, რომ წელიწადში 40 ათას ლარზე მეტი შემოსავლის მქონე მოქალაქეებზე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა აღარ გავრცელდება. ყველაზე მეტი ფული ბიუჯეტში ხშირად ამ ადამიანებს შეაქვთ, არის თუ არა სამართლიანი, რომ მათ არ ჰქონდეთ წვდომა სახელმწიფო სიკეთეზე? - ეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც ცალკე დისკუსიის საგანიც შეიძლება გახდეს. თუმცა, ისეთ დაბალშემოსავლიან ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, მე ეს პრინციპი სწორად მიმაჩნია. რამდენად შეჭირვებული ქვეყანაა საქართველო, რომ აქ სულ 32 ათას კაცს აქვს წელიწადში 40 ათას ლარზე მეტი შემოსავალი, თუმცა, ამ ადამიანებს სხვებზე უკეთესად შეუძლიათ თავიანთ ჯანმრთელობას მიხედონ. ეს პრინციპი ძალიან ბევრ ქვეყანაში მოქმედებს და ეს სამართლიანი მიდგომაა, თუმცა არა - იდეალური“, - აღნიშნავს საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი.
დევი ხეჩინაშვილის თქმით, აპრილში ყველაფრის დაზუსტება და განხორციელება ვერ მოესწრება, რადგან ძალიან ბევრი დეტალია დასადგენი.
„ყველაზე კარგი კი ის არის, რომ გამიჯვნა აღარ იქნება საჭირო და ჩვენი მოსახლეობის 90%-ზე მეტს ექნება საშუალება დაშენებული პროდუქტებით ისარგებლოს. ალბათ, იმ 100 ათას კაცსაც ეშველება, რომელიც ამ ცვლილების გამო დაზღვევის გარეშე დარჩა“, - განაცხადა დევი ხეჩინაშვილმა.
დაზღვევის განსაზღვრას შემოსავლის მიხედვით დადებითად აფასებს „ექიმთა კავშირის“ ხელმძღვანელი - თორნიკე ბიძინაშვილი, თუმცა მიიჩნევს, რომ სადაზღვევო სისტემაში გაცილებით რთული პრობლემებია მოსაგვარებელი.
„მაღალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის საყოველთაო ჯანდაცვის გაუქმება სწორად მიმაჩნია, რადგან ეს თანხის დაზოგვას გამოიწვევს, თუმცა მთავარი პრობლემა სულ სხვაა: ჩვენი ჯანდაცვის სისტემა დაავადების პრევენციაზე არ ზრუნავს. სავალალოა ექიმების ხვედრიც: რეგიონებში საყოველთაო ჯანდაცვით დაზღვეულ პაციენტზე სახელმწიფო 1,20 თეთრს იხდის, მაქსიმუმი 2 ლარია. ექიმები შიშით ვერ ლაპარაკობენ ამაზე, რადგან იმის დაკარგვაც არ სურთ, რაც აქვთ. ამჟამად არსებული სისტემით ვერც ექიმი ხარობს და ვერც - პაციენტი, ხარობენ მხოლოდ ფარმაცევტული კომპანიები და სახელმწიფო. უდიდესი ფინანსური წნეხი მიდის სადაზღვევო კომპანიაზე, რომელიც წელში წყდება და მაინც ვერ უზრუნველყოფს პაციენტებისთვის თანხის გადახდას. ვერც ერთი სადაზღვევო კომპანია ვერ გაუძლებს ასეთ წნეხს, ამიტომ, ისინი წამდაუწუმ იხსნებიან, იხურებიან და 3-მილიონიან ერს ვერ უზრუნველყოფენ ნორმალური ჯანდაცვით. ზოგიერთი ექიმი 30-40 პაციენტს იღებს დღეში. ეს დატვირთვა ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება. შეიძლება ექიმს ასეთ დროს დიაგნოზიც კი შეეშალოს და ეს არავის უნდა გაუკვირდეს“, - აღნიშნავს თორნიკე ბიძინაშვილი.
„ბიზნესპრესნიუსს“ ამ პრობლემებზე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი - სერგო ჩიხლაძეც ესაუბრა:
„დადებითით დავიწყებ: ძალიან კარგია, რომ მიზნობრივ ჯგუფებზე კეთდება აქცენტი, რასაც მე პირადად 3 წელია მოვუწოდებდი ჯანდაცვის სამინისტროს. ვისაც უფრო სჭირდება, იმას უნდა დაეხმარო - ეს ნორმალური და კარგი მიდგომაა, თუმცა ამ დასკვნამდე მისვლას სამი წელი და 300 მილიონის გაფლანგვა დასჭირდა, რადგან ამ პროგრამას ყოველ წელიწადს 100 მილიონი აკლდებოდა. ძალიან ბევრი ბენეფიციარი დაბნეული იყო, ანალოგიურ მდგომარეობაში იყვნენ სამედიცინო პერსონალი და სამედიცინო დაწესებულებებიც. ეს ახალი სქემაც, რომელიც ყოველგვარი კომუნიკაციის გარეშე, უეცრად შემოგვთავაზეს, ალბათ ძალიან დიდ არეულობას გამოიწვევს. თვითონ მიდგომა სწორია, მაგრამ ახლა, როცა მიზნობრივ ჯგუფებს სხვადასხვა პაკეტი შესთავაზეს, ზოგიერთი მათგანის წვდომა სერვისებისადმი გაუარესდება. პირველ რიგში ეს ეხება საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანებს, რომლებსაც 900 ლარი აქვთ ყოველთვიური შემოსავალი. სამაგიეროდ, ყველაზე კარგ მდგომარეობაში აღმოჩნდა 1 მილიონ 700 ათასი ადამიანი, რომლისთვისაც არაფერი შეცვლილა. ამ ჯგუფში შედიან პედაგოგები, სოციალურად დაუცველები, შშმ პირები, პენსიონერები და სტუდენტები“, - ამბობს სერგო ჩიხლაძე.
ექსპერტი იმედს გამოთქვამს, რომ მუშაობის პროცესში კიდევ ბევრი რამ გადაიხედება და მთავრობა საბოლოოდ ყველაზე კარგ ვარიანტს მიიღებს:
„როგორც ამბობენ, ჯერ მუშა პროცესი მიმდინარეობს, ტექნიკური დეტალები უცნობია, ამიტომ ყველაფერზე ვერ ვიმსჯელებთ. რაც შეეხება იმ ხალხს, რომელსაც 40 ათას ლარზე მეტი შემოსავალი აქვს, ეს ხალხი შეძლებს თვეში 50-60 ლარი გაიღოს კერძო დაზღვევისთვის, მაგრამ მათი 80% ისედაც კერძო დაზღვევით სარგებლობდა, ამიტომ, ამ გაყოფას დიდი ფინანსური ეფექტი ვერ ექნება. კიდევ ერთი დეტალია საინტერესო: ამ ადამიანებს არ დაუფინანსდებათ არც ონკოლოგია და არც ქრონიკული დაავადებების მკურნალობა. კერძო დაზღვევა კი არ ანაზღაურებს ამ დაავადებებს და თუ რომელიმეს ასეთი დაავადება დაემართება, გაღატაკების საფრთხის წინაშე დადგება. მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფო ვალდებულია მოსახლეობის ყველა ფენა დაიცვას მსგავსი კატასტროფული ხარჯებისგან. იმედი მაქვს, რომ ამ დეტალსაც გაითვალისწინებენ. ცალკე პრობლემაა ექიმების მდგომარეობა, რაც რატომღაც ყველას ავიწყდება
- სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ურთულეს მდგომარეობაში არიან: ისინი თვეობით ელოდებიან ხელფასს, რომელიც ისედაც მიზერულია. კლინიკების უდიდეს ნაწილს ჯერ 2016 წლის ხელფასებიც არა აქვს აღებული. ეს კი ცუდად მოქმედებს ექიმის მოტივაციაზე და მისი საქმიანობის ხარისხზე. ახლა იგეგმება კლინიკების სელექტიური კონტრაქტები, რომელიც სამშობიაროებიდან დაიწყო. ამის გამო ზოგიერთი კლინიკა შეიძლება გაკოტრების პირას მივიდეს, ექიმები კი სამსახურის გარეშე დარჩნენ. მოკლედ, ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი და იმედი მაქვს, რომ გაითვალისწინებენ“, - აცხადებს სერგო ჩიხლაძე.
ხათუნა ჩიგოგიძე