წყალტუბოში მინი-ქალაქის „ვარდების უბნის“ მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტს თურქული კომპანია „ასალ ინშაათი“ ახორციელებს.
როგორც თანაპარტნიორმა კახა ბაბუნაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, მშენებლობა 2016 წლის ზაფხულში დაიწყო.
მისივე ცნობით, პროექტი 2-წლიანია და მისი დასრულება 2018 წელს არის დაგეგმილი.
„მშენებლობის პირველი ეტაპი 2017 წლის ბოლოს დასრულდება, საბოლოო სახით კი პროექტი 2018 წლის ივნისში დასრულდება. მინი-ქალაქი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო მესხეთში, 25 ათასი კვადრატული მეტრის ფართობზე შენდება", - განაცხადა კახა ბაბუნაშვილმა.
პროექტის ფარგლებში - სკოლის, საბავშვო ბაღის, აუზების, სარბენი ბილიკების, სტადიონის, სამედიცინო პუნქტის, 75 ოჯახზე გათვლილი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა იგეგმება.
როგორც კომპანიის დირექტორმა მუსტაფა აქთაშმა „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, პროექტის ჯამური ღირებულება 3-3.5 მილიონი დოლარია.
„მინი-ქალაქში ორი ტიპის სახლები - დუპლექსები და 4 ოჯახზე გათვლილი, ჩვეულებრივი სახლები იქნება. გარდა ამისა, დაცულ და შემოღობილ ტერიტორიაზე აუზი; კაფე-ბარი; 3-სართულიანი, 1 250 კვადრატულ მეტრზე გათვლილი სავაჭრო ცენტრი; საკუთარი ავტოპარკინგიც იქნება. რაც შეეხება ფასებს, ჩვეულებრივი სახლების ღირებულება, რომელიც 160 კვადრატული მეტრი ფართობის იქნება, დაახლოებით, 54 ათასი დოლარია; დუპლექსები კი 102 ათასი დოლარი ეღირება,“-აღნიშნავს აქთაში.
წყალტუბოს მინი-ქალაქი კომპანია „ასალ ინშაათის“ პირველი პროექტია საქართველოში. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, კომპანიას პროექტები განხორციელებული აქვს რუსეთში, თურქეთში, ერაყში, ავღანეთსა და ბულგარეთში.