ამ დროის მონაცემებით, გალარების პროგრამით 5092-მა მსესხებელმა ისარგებლა, - ამის შესახებ ბანკების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა ცუცქირიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ცუცქირიძის ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი სრული რაოდენობის 19%-ს შეადგენს.
მისივე თქმით, სულ 71 მლნ დოლარია გალარებული.
"პროგრამის დასაწყისში აქტივობა ნაკლები იყო. 25 თებერვლიდან აქტივობამ მოიმატა, თუმცა პროგრამის დასრულებამდე 4 დღით ადრე გალარების მსურველთა რიცხვი ძალიან მაღალი იყო - 1250 მსესხებელი. საუბარი იმაზე, რომ პროგრამა ჩავარდა და იყო კოლაფსი, არასწორია. მოლოდინი იმისა, რომ ყველა მსესხებელი გაალარებდა სესხს, არ ყოფილა", - განაცხადა ცუცქირიძემ.
მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პროგრამა, საბოლოო ჯამში, დადებითად შეაფასა და მედიას, ბანკებს და ეროვნულ ბანკს ჩატარებული საინფორმაციო კამპანიისთვის მადლობა გადაუხადა.
ცუცქირიძე მიიჩნევს, რომ ლარიზაციის პროცესში გალარება პოზიტიური როლის
შემსრულებელი იყო.