დიმიტრი ქუმსიშვილი - ერთ-ერთი მსხვილი რეფორმა, რომლის გატარებასაც ამომრჩეველს დავპირდით, უკვე შევასრულეთ

ერთ-ერთი მსხვილი რეფორმა, რომლის გატარებასაც ამომრჩეველს დავპირდით, უკვე შევასრულეთ , - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბიზნესფორუმზე - „საქართველოს ეკონომიკა: პერსპექტივები და გამოწვევები“ მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ფინანსთა სამინისტრო იუწყება, დიმიტრი ქუმსიშვილმა გამოსვლისას ისაუბრა საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიან გეგმაზე, იმ მიმართულებებზე, თუ როგორ განვითარდება საქართველო მომდევნო 4 წლის განმავლობაში და იმ შედეგებზე, როგორ აისახება ისინი ქვეყნის კეთილდღეობაზე.

„2016 წელს ჩვენ ამომრჩევლის წინაშე 4-პუნქტიანი გეგმით წარვდექით და ერთ-ერთი მსხვილი რეფორმა, რომლის გატარებასაც დავპირდით, უკვე შევასრულეთ. ჩვენ შევცვალეთ საგადასახადო კანონმდებლობა. დღეს საქართველოში მოგების გადასახადს კომპანიები მხოლოდ იმ შემთხვევაში იხდიან, თუკი აღნიშნული მოგება განაწილდება დივიდენდის სახით,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, მთავრობა მომავალში კიდევ ბევრ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებს ბიზნესის სიმარტივის, მისი წახალისებისა და მხარდაჭერის მიმართულებით როგორც საგადასახადო კუთხით, ისე ბიზნესის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების სახით.