თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET) ხაჭაპურის ინდექსს აქვეყნებს, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში სტანდარტული იმერული ხაჭაპურის ფასია მოყვანილი.
ინდექსის თანახმად, იმერული ხაჭაპურის მომზადება ყველაზე ძვირი - 12.28 ლარი სინგაპურში ჯდება, მეორე ადგილზეა აშშ - 10.71 ლარი. შედარებით ნაკლები შვეიცარიაში - 8.13 ლარი, იტალია - 7.29 ლარი და საბერძნეთი - 7.25 ლარი.
ყველაზე იაფი იმერული ხაჭაპურის მომზადება ინდოეთშია (2.91 ლარი), რაც 26%-ით იაფია საქართველოში არსებულ ღირებულებაზე.
ინდექსის შედგენისას ISET დაეყრდნო საზღვარგარეთ მცხოვრები ნათესავებისა და მეგობრებისგან მიწოდებულ ხაჭაპურისთვის საჭირო ინგრედიენტების ფასს. ISET-ის ინფორმაციით, ხშირად უცხოეთის ქვეყნებში მცხოვრები ქართველები ვერ ახერხებენ იმერული ყველის ყიდვას და იმერული ხაჭაპურის მოსამზადებლად მოცარელას ან ფეტას იყენებენ. თუმცა, მოცარელას ფასი ქვეყნების მიხედვით განსხვავდება.
წყარო: iset-pi.ge