ბიზნეს სახლთან ერთად მისი მხარდამჭერი ელექტრონული პორტალიც ამოქმედდება

ბიზნეს სახლთან ერთად მისი მხარდამჭერი ელექტრონული პორტალიც ამოქმედდება , - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო ბიზნეს ფორუმზე „საქართველოს ეკონომიკა: პერსპექტივები და გამოწვევები“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, შემდეგი რეფორმა, რომელსაც ხელისუფლება განახორციელებს იქნება ბიზნეს სახლი.

”ღია საჯარო მმართველობა ჩვენი მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ნაწილია. შემდეგი რეფორმა, რომელსაც განვახორციელებთ, იქნება ბიზნეს სახლი. ასევე მომზადდება მისი მხარდამჭერი პორტალი - ელექტრონული სივრცე, სადაც კერძო სექტორი მიიღებს 600-ზე მეტ სერვისს ერთ პორტალზე, ისევე როგორც ბიზნეს სახლში, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც იძლევა სწორ გადაწყვეტილებებს იმისათვის, რომ ჩვენ საუკეთესო სერვისები მივაწოდოთ კერძო სექტორს და ამავდროულად მოვახერხოთ ყოველივე ამის სწორი ადმინისტრირება“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისი თქმით, ბიზნეს სახლი კიდევ ერთი უნიკალური სერვისი იქნება გაწეული ინვესტორებისათვის, იმ ხალხისთვის, რომლებიც საქართველოში ინვესტიციებს განახორციელებს.