სტრუქტურული რეფორმების განხორციელების შემდეგ ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა გაიზრდება , - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო ბიზნეს ფორუმზე „საქართველოს ეკონომიკა: პერსპექტივები და გამოწვევები“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, საერთაშორისო ბიზნეს ფორუმზე „საქართველოს ეკონომიკა: პერსპექტივები და გამოწვევები“ გამოსვლისას, დიმიტრი ქუმსიშვილმა ყურადღება გაამახვილა მთავრობის მიერ მიმდინარე და დაგეგმილ სტრუქტურულ რეფორმებსა და მათი იმპლემენტაციის ღონისძიებებზე.
პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა დეპოზიტების დაზღვევის რეფორმაზე, რომლის განხილვაც საქართველოს პარლამენტში მიმდინარე კვირას დაიწყება.
დიმიტრი ქუმსიშვილმა ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეფორმად დაასახელა კერძო და საჯარო პარტნიორობის კანონის მიღება, რომლის შესაბამისადაც, უკვე მომავალი წლიდან ყველა შესაბამისი სტრუქტურა ამოქმედდება.
„ჩვენ საპენსიო რეფორმის კანონზე მუშაობას მიმდინარე წელს დავასრულებთ, მომავალი წლიდან კი მუშაობას დაიწყებს ყველა სათანადო სტრუქტურა,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. მან ასევე გაამახვილა ყურადღება გადახდისუუნარობის კანონზე. „ამ მიმართულებითაც ჩვენ გვაქვს მყარი გადაწყვეტილება, რათა მასზე მუშაობა წლის ბოლომდე დასრულდეს“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, „ყველა ამ სტრუქტურული რეფორმის განხორციელების შემდეგ ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა გაიზრდება“.