მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედო“ კომერციულ ბანკად გადაკეთდა.
ეროვნული ბანკის 20 მარტის გადაწყვეტილებით, ორგანიზაციას საბანკო საქმიანობის ლიცენზია მიენიჭა.
სს "კრედო ბანკი" მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსით ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს. 2014 წლიდან კი მას ინვესტორთა კონსორციუმი ფლობს, რომელიც თავის მხრივ, მიკროსაფინანსო და სხვა საფინანსო მომსახურებას საერთაშორისო მასშტაბით ახორციელებს და ევროპის, აზიის, სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის კონტინენტებზეა წარმოდგენილი.
დღეის მდგომარეობით, „კრედო“ 62 ფილიალით თბილისსა და საქართველოს 10 რეგიონში ოპერირებს. მისი საზედამხედველო კაპიტალი დაახლოებით 120 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო აქტივების ზომის მიხედვით საბანკო სექტორში მე-10 პოზიციას დაიკავებს.
"კრედოსათვის“ ლიცენზიის გაცემის შემდეგ, საქართველოს საბანკო სექტორი 17 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი.