თბილისის მერიიდან ”ბავშვთა სამყაროში” გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეების ნაწილი საკრებულოსკენ მიემართება.
დაზარალებულების განცხადებით, მათ შეხვედრა აქვთ საკრებულოს უმრავლესობის წევრ რიმა ბერაძესთან. აქციის მონაწილეთა განცხადებით, შეხვედრაზე კვლავინდებურად განიხილება ის მოთხოვნები, რომლებიც მათ უკვე თვეზე მეტია აქვთ. კერძოდ, მოხდეს მათი ფულადი კომპენსირება, ასევე გამოიყოს ალტერნატიული ფართი, სადაც ”ბავშვთა სამყაროში” გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები მუშაობას შეძლებენ.
მათივე განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი ეს მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, აქცია პერმანენტულ ხასიათს მიიღებს. მოვაჭრეები საკრებულოს უმრავლესობას, ასევე თბილისის მერიას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ მოხდეს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება.
”ბავშვთა სამყაროში” გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები რამდენიმე კვირაა აქციებს მართავენ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, მათ ასევე აქცია გამართეს საკრებულოს შენობის წინ, ხოლო დღეს დილიდან დაზარალებულებმა თბილისის მერიასთან გადაინაცვლეს.