სტოკჰოლმში, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე შვედეთის გარემოსა და ენერგეტიკის სახელმწიფო მდივანს პერ ანქუისტს შეხვდა , - ამის შესახებ სამინისტროდან იუწყებიან.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს ელჩი შვედეთის სამეფოში მალხაზ კაკაბაძე და შვედეთის ბირთვული უსაფრთხოების მარეგულირებელი სააგენტოს დირექტორის მოადგილე ფრედერიკ ჰასენი.
„მხარეებმა შვედეთსა და საქართველოს შორის ურთიერთანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს, როგორც ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების კუთხით, ასევე, იმსჯელეს გარემოს დაცვის სფეროში საზოგადოების ჩართულობისა და ინფორმირების ორჰუსის კონვენციით დადგენილი მექანიზმების მნიშვნელობაზე.
მაია ბითაძემ მასპინძლებს გააცნო ის ძირეული რეფორმები, რაც საქართველომ ბოლო 2 წლის განმავლობაში განახორციელა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების ინსტიტუციური და სამართლებრივი თვალსაზრისით. შეხვედრაზე, ასევე ხაზი გაესვა იმ ძირეულ გარემოსდაცვითი მმართველობის რეფორმებს, რასაც საქართველო ახორციელებს ასოცირების ხელშეკრულების აღსრულების თვალსაზრისით. მათ შორის, საუბარი შეეხო გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მნიშვნელობას ორჰუსის კონვენციისა და ევროდირექტივების შესრულების მხრივ.
ამასთან, ოფიციალური შეხვედრის დროს, მხარეებს შორის, მიღწეულ იქნა საბოლოო შეთანხმება, ახალი, მრავალწლიანი პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით, რომელსაც ევროკომისიის მხარდაჭერით განახორციელებენ შვედეთის რადიაციული მარეგულირებელი სააგენტო და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო.
პროექტის მთავარი მიზანია საქართველოში რადიაციული ნარჩენების ახალი, უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტის საცავისა და სხვა დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ასევე დაბა ანასეულში რადიაქტიური ნარჩენებით დაბინძურებული ტერიტორიების სრულყოფილი შეფასება, ნარჩენების შემდგომი უსაფრთხო მართვის მიზნით“, - აღნიშნულია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.