საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა სრულად პასუხობს იმ პრიორიტეტებს, რაც განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის მიერ, მათ შორის 4-პუნქტიანი გეგმით. ამ პროგრამის მიზანია: ხელი შეუწყოს სწრაფ და ინკლუზიურ ზრდას; შეინარჩუნოს მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობა; გააძლიეროს მონეტარული და ფისკალური ინსტიტუტები; შეამციროს გარე შოკების გავლენა და ასევე, გააძლიეროს ფინანსური და სოციალური დაცვის მექანიზმები, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ფრანსუა პეშომ „ბიზნესკონტრაქტთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ინტერვიუში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა ასევე გაამახვილა ყურადღება 2017 წლის ბიუჯეტზე და განაცხადა, რომ „2017 წლის ბიუჯეტი ძლიერია - მათ შორის, შემოსავლების მობილიზების კუთხით.
„რაც შეეხება PPP კანონმდებლობას, მთავრობა ამბობს, რომ ამ საკითხზე მუშაობს. ამ პროცესში სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიც არიან ჩართულები და ჩვენ კმაყოფილი ვართ პროცესის მიმდინარეობით.
ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეკონომიკური ზრდა ტემპს აკრეფს 2017 წელს და კიდევ უფრო მეტად დაჩქარდება საშუალოვადიან პერიოდში მას შემდეგ, რაც მთავრობა დაგეგმილ რეფორმებს განახორციელებს,“ - განაცხადა ფრანსუა პეშომ.
მისი თქმით, ბიუჯეტის შემთხვევაში ხარჯების განაწილების სტრუქტურა იცვლება: მიმდინარე ხარჯების ნაცვლად, მთავრობა ინფრასტრუქტურის დაფინანსებაზე ორიენტირებული ხდება.
„ეს, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას. თუმცა ჩვენ ასევე ველოდებით, რომ კერძო ინვესტირების ტემპიც დაჩქარდება 2017 წელს. ინვესტიციების ზრდა საჭირო ინფრასტრუქტურის აშენებისთვის; განათლების რეფორმა; კაპიტალის ბაზრის განვითარება და ამის ნაწილი საპენსიო რეფორმაც, ყველაფერი ეკონომიკის ზრდას შეუწყობს ხელს. ფინანსური სექტორის გასაძლიერებლად კარგი ზომაა დეპოზიტების დაზღვევა,“ - განაცხადა სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა.
ფრანსუა პეშომ ასევე გააკეთა კომენტარი მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ დაწყებულ ლარიზაციის პროგრამაზე.
„ზომები, რომლებიც მთავრობამ გამოაცხადა, იმ ზომების მსგავსია, რომლებიც წარმატებული დე-დოლარიზაციის ისტორიის მქონე ქვეყნებმა თავის დროზე გაატარეს. თუმცა ამას დრო სჭირდება. და თუ თქვენ შეხედავთ ისრაელის, პერუს ან პოლონეთის მაგალითებს, ამ ქვეყნებს 10-15 წელი დასჭირდათ. შესაბამისად, ჩვენ მხარს ვუჭერთ მთავრობისა და ეროვნული ბანკის ერთობლივ 10 პუნქტიან გეგმას,“ - აღნიშნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა.