Google რეკლამასთან მიდგომას ცვლის

რამდენიმე მსხვილი რეკლამისდამკვეთის მხრიდან თანამშრომლობის გაწყვეტის შემდეგ, „გუგლი“ რეკლამის განთავსების წესებს ცვლის და სარეკლამო განცხადებების ფილტრაციას აპირებს.

Mashable-ს ინფორმაციით, ინტერნეტ საძიებო გიგანტის მიერ გაყიდული ზოგიერთი რეკლამა ექსტრემისტულ საიტებზე გამოჩნდა, რომლებიც ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ და ნაცისტებთან ასოცირდება.

მომხდარის შედეგად, „გუგლთან“ თანამშრომლობაზე უარი თქვეს ისეთმა კომპანიებმა, როგორებიც არიან „ლორეალი“, „ჰონდა“, გაზეთი „გარდიანი“, სუპერმარკეტების ქსელი Sainsbury’s.

„მომხდარის გამო ჩვენ ზედმიწევნით გადავხედეთ სარეკლამო შეტყობინებებთან დაკავშირებულ წესებს და მივედით დასკვნამდე, რომ ზოგიერთი მათგანი შესაცვლელია. უახლოესი კვირების განმავლობაში ჩვენ საჯაროდ გამოვაცხადებთ ცვლილებებს. ეს ცვლილებები საშუალებას მისცემს ბრენდებს უფრო მეტად აკონტროლონ, თუ სად ხვდება მათი რეკლამა“, - განაცხადა „გუგლის“ ბრიტანეთის ოფისის დირექტორმა რონან ჰარისმა.