"არსებობს მრავალი მიზეზი, რის გამოც ქართული პროდუქცია კონკურენციას ვერ უწევს უცხოურს“
აგრარული სექტორის განვითარება საქართველოში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაციის გარეშე წარმოუდგენელია. გასულ კვირას სოფლის მეურნეობის სამინისტროში საინტერესო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც სასტუმროების ბიზნესის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ბრენდული სასტუმროების უმრავლესობა იმპორტირებულ პროდუქციას ანიჭებს უპირატესობას. მინისტრის შეფასებით, ამის გამომწვევი ძირითადი მიზეზი კომუნიკაციის ნაკლებობაა.
ბრენდულ სასტუმროებში კი რამდენიმე მიზეზს ასახელებენ, რის გამოც ისინი იმპორტირებული პროდუქციის შეძენას ამჯობინებენ. ეს მიზეზებია: ქართული ნაწარმის შედარებით მაღალი ფასი, არასტაბილური მიწოდება, დაბალი ხარისხი და ა.შ...
„საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას ადასტურებს, რომ ჩვენს ფერმერებს პროდუქციის სტაბილური მიწოდების უზრუნველყოფა უჭირთ.
"პირველ რიგში ჩვენს აგრარულ სექტორს უწყვეტი ციკლის შენარჩუნება არ შეუძლია - ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ბრენდული სასტუმროები უცხოურ პროდუქციას ამჯობინებენ. მეორე: იმ სტანდარტების შესაბამისი პროდუქცია, რაც საერთაშორისო დონის სასტუმროს სჭირდება, ჩვენთან მცირე რაოდენობით იწარმოება. აქ რა თქმა უნდა, ვიზუალური მხარეც იგულისხმება. შეფუთვა და ვიზუალი თანამედროვე ბიზნესში დიდ როლს ასრულებს, თუმცა უმთავრეს ხელისშემშლელ მიზეზად მაინც არასტაბილური მიწოდება რჩება, რაც იმის ბრალია, რომ ფერმერებს არა აქვთ მაცივრები და პროდუქციის მიწოდებას მხოლოდ ერთ სეზონზე ახერხებენ. რეგულარული მიწოდება შესაძლებელი ხდება მხოლოდ მაშინ, როცა ფერმერს შეუძლია შეინახოს თავისი ნაშრომი, ის არ უნდა ცდილობდეს პროდუქცია ერთ სეზონზე მოიშოროს თავიდან. ქართული პროდუქციის მაღალი ფასი კი იმით არის გამოწვეული, რომ მიწები დანაწევრებულია, ჰექტრული მოსავლიანობაც ნაკლებია და მასობრივი წარმოება ვერ ხერხდება. ფერმერებს შორის პროფესიული ცოდნის ნაკლებობაც აშკარად იგრძნობა, ტექნოლოგიური ციკლის უცოდინარობა და თანამედროვე ტექნოლოგიების არქონა დაბალი ხარისხის მთავარი მიზეზია“, - აღნიშნავს ნინო ზამბახიძე.
ამ საკითხის შეფასება ვთხოვეთ ოზურგეთის რაიონის მთავარ სპეციალისტს სოფლის მეურნეობის საკითხებში აკაკი ღლონტს.
"საქართველოში აგრარულ სექტორს ძირითადად წვრილი ფერმერული მეურნეობები ქმნის. ეს მეურნეობები აწარმოებენ პროდუქციას პირადი მოხმარებისთვის და მხოლოდ მორჩენილი პროდუქცია გააქვთ ბაზარზე. ეს იმდენად მცირე რაოდენობაა, რომ ჩვენი ფერმერები სტაბილურ მიწოდებას ქართულ ბაზარზეც ვერ უზრუნველყოფენ, რომ არაფერი ვთქვათ ბრენდულ სასტუმროებსა და რესტორნებზე. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი კოოპერირება და წვრილი ფერმერების გაეთიანება. აუცილებელია ქართული ნაწარმის რეკლამირებაც. პრესამ და ტელევიზიამ ქართული პროდუქციის ღირსება უნდა დაანახონ ხალხს, რომელიც იმპორტირებულს ვიზუალურად ვერ შეედრება, მაგრამ ეკოლოგიურად გაცილებით სუფთა და ჯანსაღია. მე ვერავის დავეთანხმები, რომ ქართული პროდუქცია ნაკლები ხარისხისაა. შეიძლება პოლონური, ან ირანული ვაშლი ერთი შეხედვით უფრო მსხვილი და ლამაზი იყოს, მაგრამ ლაბორატორიაში თუ გავსინჯავთ, ქართული ვაშლი ნაკლებ შხამქიმიკატებს შეიცავს და გაცილებით ჯანსაღი და უვნებელია. იგივე ითქმის სხვა სახის პროდუქტზეც", - აღნიშნა აკაკი ღლონტმა.
რატომ ამჯობინებენ ბრენდული სასტუმროები იმპორტირებულ პროდუქციას? - ამ შეკითხვაზე სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელს - შალვა ალავერდაშვილს სულ სხვა პასუხი აქვს.
"ამის უპირველესი მიზეზია ის, რომ ნებისმიერი ბრენდული სასტუმრო ერთნაირი ხარისხის და წარმოების პროდუქციას სთავაზობს თავის კლიენტებს ლონდონში, სიდნეიში, თბილისში თუ მსოფლიოს სხვა ქალაქებში. ეს ხდება სათავო ოფისის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად, რომლის პირობების დარღვევა არ შეიძლება, თუმცა ნებისმიერ ცნობილ სასტუმროში არის კუთხე, სადაც ადგილობრივი პროდუქციის ყიდვაც შეიძლება. ყოველდღიური მოხმარებისთვის კი, ცნობილმა სასტუმროებმა ხელშეკრულებით განსაზღვრული პროდუქცია უნდა გამოიყენონ. ეს არის წლების განმავლობაში გამოცდილი პროდუქცია, რომელიც მაღალი ხარისხისაა. ყველა ბრენდულმა სასტუმრომ იცის, რომ მისი მოწოდება არ შეფერხდება, რადგან ამ საქმეს საიმედო კომპანიები უძღვებიან. რატომ ვერ ხერხდება მსგავსი სისტემის აწყობა საქართველოში? - იმიტომ, რომ დისტრიბუციის ქსელი აქ ძალიან ცუდად არის განვითარებული. დისტრიბუცია - ეს არის შუამავალი რგოლი მწარმოებელსა და სასტუმროს შორის. აუცილებელია სასათბურე და სამაცივრე სისტემის განვითარებაც, რომ პროდუქციის მიწოდება მთელი წლის განმავლობაში უწყვეტად მოხერხდეს. მაგალითად: შემოდგომაზე დაკრეფილ ყურძენს მარტსა და აპრილშიც იგივე თვისებები უნდა შეუნარჩუნდეს, რაც ადრე ჰქონდა. თუ შეიქმნება გამართული სადისტრიბუციო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით, თუ გვექნება კარგი სამაცივრე მეურნეობები, რომ აგრარულმა სექტორმა სასტუმროები მთელი წლის განმავლობაში ერთი და იმავე პროდუქციით მოამარაგოს, მაშინ ყველაფერი სხვაგვარად იქნება. ფერმერი თავისი ნაწარმის რეალიზაციაზე არ უნდა ფიქრობდეს - ის კარგ, ხარისხიან პროდუქციას უნდა აწარმოებდეს, რომლის გაყიდვაზე შუამავალი რგოლი უნდა ზრუნავდეს. სწორედ ასეთი სისტემა აქვთ უცხოეთში და მათი გამოცდილება ჩვენც უნდა გამოვიყენოთ“, - აცხადებს შალვა ალავერდაშვილი.
ხათუნა ჩიგოგიძე