ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის შეფასებით, სესხების გალარების პროგრამა ძალიან კარგი პროგრამა იყო.
როგორც კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მომხმარებლებს, რომელთაც სურდათ სავალუტო რისკებისგან დაეზღვიათ თავი, ძალიან კარგი შანსი ჰქონდათ ეს გაეკეთებინათ.
“ბოლო ინფორმაციით, გალარებულია 75 მილიონი დოლარის სესხები. დროთა განმავლობაში ზუსტდებოდა სესხების ის სია, რომელიც ექვემდებარებოდა გალარებას, დღესდღეობით გალარებულია დაახლოებით 23%, ეს იყო ნებაყოფლობითი პროცესი, ერთჯერადი პროგრამა, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა. ვფიბრობ, ეს იყო კარგი პროგრამა და მომხმარებლებს, რომელთაც სურდათ, რომ სავალუტო რისკებისგან დაეზღვიათ თავი, ძალიან კარგი შანსი ჰქონდათ ეს გაეკეთებინათ”, - განაცხადა გვენეტაძემ.
რაც შეეხება ზოგადად ლარიზაციას, გვენეტაძემ განმარტა, რომ ეს არ არის მოკლევადიანი პროექტი.
“ეს არის გრძელვადიანი პროექტი, ბევრ ქვეყანაში ამას 10-15 და უფრო მეტი წელი დასჭირდა, ეს საკითხები და ღონისძიებები განხილული იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რომელმაც ცოტა ხნის წინ დაამთავრა საქართველოში მუშაობა. ის პუნქტები, რაც არის ჩამოთვლილი, ჩვენ მივყვებით მათ განხორციელებას”, - განაცხადა გვენეტაძემ.