დეპოზიტების დაზღვევის სისტემა მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რადგან იგი უფრო განამტკიცებს საქართველოში ფინანსური სისტემისადმი ნდობას, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, მსოფლიოს უმრავლეს ქვეყნებში დეპოზიტების დაზღვევის სისტემა არსებობს.
”დეპოზიტების დაზღვევა მოიაზრება იმ ბადეში, რომელიც ფინანსური სტაბილურობისთვის არის შექმნილი. უმრავლეს ქვეყნებს მსოფლიოში აქვთ ეს სისტემა. დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ვფიქრობ, მნიშვნელოვანი არის ქვეყნისთვის, რადგანაც იგი უფრო განამტკიცებს ნდობას ფინანსური სისტემისადმი საქართველოში.
გარდა ამისა, არის ერთი ელემენტი, რომელიც ადრეც აღგვინიშნავს - ზოგადად ჯობია ასეთი სისტემა შემოღებული იყოს ნორმალურ და კარგ სიტუაციაში, რადგანაც ბაზარმა უფრო კარგად მიიღოს ის. ვფიქრობთ, რომ სწორედ ახლა არის ეს კარგი სიტუაცია”, - განაცხადა გვენეტაძემ.
მისივე თქმით, დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შემოღება ასოცირების ხელშეკრულებითაც არის აღებული.
”ამავე დროს, არ დაგვავიწყდეს, რომ ასოცირების ხელშეკრულებით აღებული იყო ეს ვალდებულება და სულ ცოტა ხანში აუცილებელიც იქნებოდა ამის გაკეთება.
ეს არის წინ წაგდებული საქმე და ვფიქრობთ, რომ ნორმალურად ჩაივლის პროცესი.
მას შემდეგ, რაც დაიწყებს ფუნქციონირებას დეპოზიტების დაზღვევის სისტემა, კიდევ უფრო განამტკიცებს ფინანსური სისტემის სტაბილურობას”, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.