“ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლების“ წევრი ირაკლი აბესაძე საქართველოს დიდი ქალაქების მერებს მოუწოდებს, სამარშრუტო ტაქსების მფლობელ კერძო კომპანიებთან მგზავრობის ტარიფზე მსჯელობის პროცესი გამჭვირვალე გახადონ.
ამის შესახებ ირაკლი აბესაძემ დღეს, თბილისის საკრებულოში, ფრაქციის „მოძრაობა თავისუფლებისათვის - თბილისი“ თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრესკონფერენციაზე ირაკლი აბესაძემ და მამუკა ახვლედიანმა საქართველოს მთავრობის 2 მარტის გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრეს, რომლითაც სამარშრუტო მიკროავტობუსებით მგზავრობა რეგულირებადი სფერო გახდა. შესაბამისად, ირაკლი აბესაძის თქმით, საქართველოს დიდი ქალაქების, მათ შორის თბილისის, რუსთავის, ზუგდიდის, ქუთაისის, ბათუმის მერიაში მიმდინარეობს მსჯელობა, თუ როგორ უნდა განისაზღვროს მიკროავტობუსების ტარიფები.
„სამწუხაროდ, როგორც ყოველთვის მსჯელობა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს და მასში საკრებულოსა და საზოგადოების წარმომადგენლები ჩართული არ არიან. შესაბამისად, უცნობია, მაგალითად, თბილისში გაიზრდება თუ არა ტარიფი მიკროავტობუსებზე, შენარჩუნდება თუ არა ის 10-თეთრიანი ზრდა, რომელიც დაახლოებით ორი კვირის წინ კომპანიამ გამოაცხადა. მაშინ თბილისის მერია აცხადებდა, რომ ამასთან არაფერ შუაში იყო. ახლა საინტერესოა, მერიის პოზიცია რა იქნება, დაადასტურებს და დაამტკიცებს თუ არა იმ გაზრდილ ტარიფს, რომელიც მიკროავტობუსებში არსებობდა. ზოგადად თბილისის, რუსთავის, ზუგდიდის, ქუთაისის, ბათუმის და სხვა ქალაქების მერებს მოვუწოდებთ, მაშინ როდესაც ცხოვრების ყველა სფეროში ფაქტობრივად გაძვირებულია ფასები, მაშინ როდესაც ადამიანებს უფრო მეტად უჭირთ ყოველდღიური ხარჯების გასტუმრება, უფრო გამჭვირვალე გახადონ ტარიფზე მსჯელობის პროცესი, არ დაუშვან ტარიფის გაზრდა და რაც მთავარია, მასში ჩართული იყოს საკრებულოს ოპოზიციონერი წარმომადგენლები იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის ყველა დეტალი კომპანიებთან მერიის მოლაპარაკების შესახებ იყოს ცნობილი“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.