თბილისის მერის განცხადება ეკონომიკური თვალსაზრისით, საფუძველსმოკლებულია და არასერიოზულად გამოიყურება იმ ვარდნის პირობებში, რომელიც “ქართულ ოცნებას” აქვს. შეუძლებელია, სამწლიანი სტაბილური პროგნოზი გააკეთო რომელიმე სფეროში, მით უფრო სატარიფო რეგულირების თვალსაზრისით“, - ასე გამოეხმაურა “ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისათვის” წევრი ირაკლი აბესაძე თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებას, რომ თბილისის სამარშრუტო ტაქსებში მგზავრობის ტარიფი მომდევნო სამი წლის განმავლობაში არ შეიცვლება.
ირაკლი აბესაძემ დღეს საკრებულოში გამართულ პრესკონფერენციაზე მთავრობის 2 მარტის გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა, რომლითაც სამარშრუტო მიკროავტობუსებით მგზავრობა რეგულირებადი სფერო გახდა და დიდი ქალაქის მერებმა კომპანიებთან ერთად უნდა დაადგინონ სამარშრუტო მიკროავტობუსით მგზავრობის ტარიფი.
აბესაძის თქმით, თბილისის მერმა პირველ რიგში, პასუხი გასცეს შეკითხვებს, იყო თუ არა სწორი ის 10-თეთრიანი გაზრდა, რომელიც დაახლოებით ორი კვირის წინ თბილისში ზოგიერთ სამარშრუტო ხაზს შეეხო.
“თბილისის მერმა პირველ რიგში პასუხი გასცეს შეკითხვას, ის გაზრდა, რომელიც ორი კვირის წინ შეეხო თბილისში დაახლოებით ასი ათასობით მგზავრს, უდასტურებს თუ არა კომპანიას, რომ ეს ზრდა იყო სწორი; ეს ზრდა იყო გამოწვეული “ქართული ოცნების” არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით, ლარის გაუფასურებით, საწვავზე ფასების ზრდით, ამის შემდეგ ისაუბროს ბატონმა ნარმანიამ მომდევნო სამი წლის პროგნოზზე. ეს არის არასერიოზული, საზოგადოებას განუცხადო, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში ფასები არ შეიცვლება”, - განაცხადა აბესაძემ.
“ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისათვის” წევრმა საზოგადოებას შეახსენა, რომ გასული 4 წლის განმავლობაში მოსახლეობას უნდა ენახა კომუნალური ტარიფების დრამატული კლება, თუმცა სამწუხაროდ, სახეზეა გაზრდილი ელექტროენერგიის ტარიფი. უახლოეს მომავალში საზოგადოება ასევე იხილავს გაზრდილ გაზის ტარიფს.
შესაბამისად, ირაკლი აბესაძე მიიჩნევს, რომ ნარმანიას განცხადება ამ კონტექსტში არასერიოზულად გამოიყურება.