სასტუმროები და კაფე-რესტორნები ბათუმში განახევრებული დატვირთვით მუშაობს

ბოლო ორი წელია, ბათუმში სასტუმროები ზამთარში განახევრებული დატვირთვით მუშაობს, - ამის შესახებ bpn.ge-ს ”ბათუმის ჩოგბურთის კლუბის” დირექტორმა, დიმიტრი ბლიაძემ განუცხადა. აღნიშნული სპორტული კომპლექსი, რომელიც ბათუმის ბულვართან მდებარეობს, 16-ნომრიან სასტუმროსა და რესტორანსაც ფლობს, სადაც მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებები, მათ შორის, ჯაზ-ფესტივალიც იმართება.

როგორც დიმიტრი ბლიაძემ აღნიშნა, სეზონზე, ივლისსა და აგვისტოში, სასტუმროები და ბარ-რესტორნები ტურისტების ნაკლებობას არ უჩივიან, თუმცა, დანარჩენი თვეების განმავლობაში ქალაქში ეკონომიკური აქტივობა მკვდარია. ეს განსაკუთრებით თვალში საცემი, ბოლო ორ წელია, გახდა: რეგიონში კორპორატიული ღონისძიებები, პრესკონფერენციები, თუ შეხვედრები, ჩვეული ინტენსივობით აღარ იმართება.

”ძველ ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებდნენ ძვირადღირებული მომღერლების მოსაწვევად გაწეული უზარმაზარი ხარჯების გამო. ეს, ალბათ, სიმართლესაც შეესაბამება, მაგრამ მეორე მხრივ, მათ ძალიან ბევრი ჟურნალისტი და მსმენელი მოყვებოდა. შესაბამისად, სასტუმროები და კაფეები მეტი დატვირთვით მუშაობდა”, - აღნიშნა დიმიტრი ბლიაძემ.

მისი თქმით, ბათუმში, სადაც მრეწველობა ნაკლებად განვითარებულია, მოსახლეობა შემოსავალს, ძირითადად, ტურიზმიდან იღებს, ამიტომ საკურორტო ქალაქს მეტი პოპულარიზაცია სჭირდება. თუმცა, სასტუმროს დირექტორი იმედოვნებს, რომ ზაფხული აჭარაში წელს კვლავ აქტიური იქნება.

”დაჯავშნის ქსელიდან ”ბუქინგ.კომიდან” ზაფხულისთვის უკვე საკმაოდ ბევრი შეკვეთაა. განსაკუთრებით დიდი დაინტერესებაა უკრაინასა და პოლონეთიდან”, - აღნიშნა დიმიტრი ბლიაძემ.