”საქართველოს ბანკმა” პირველი ქართული საბანკო ტერმინთა განმარტებითი ელექტრონული და ბეჭდური ლექსიკონი შექმნა. ამასთან დაკავშირებით ”საქართველოს ბანკის” გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
როგორც ”საქართველოს ბანკის” გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ აღნიშნა, ”საქართველოს ბანკის” მხრიდან აღნიშნული ინიციატივა არის იმ პასუხისმგებლობის ნაწილი, რომელიც ქვეყნის წამყვან ბანკს მომხმარებლების და საზოგადოების წინაშე აქვს.
”მომხმარებელს ხშირად უწევს საბანკო კონტრაქტების თუ პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიღება, სადაც სწორედ საბანკო ტერმინები ხვდება. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ შეგვექმნა საბანკო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი, რომელიც შესაძლოა ბანკთან ურთიერთობისას დასჭირდეს მომხმარებელს, როგორც ხელშეკრულებების კითხვის, ასევე საბანკო პროდუქტების არჩევის და გადაწყვეტილებების მიღებისას. ამასთან, ელექტრონული ლექსიკონი ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, რათა ხელი შევუწყოთ ფინანსური განათლების გავრცელებას ქვეყანაში”, - განაცხადა კახა კიკნაველიძემ.
თავის მხრივ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ ფინანსური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონის გამოშვება ძალიან კარგი ინიციატივაა და ეს არის თანხვედრაში ზოგადად ქვეყანაში ფინანსური განათლების ამაღლებასთან.
”მოგეხსენებათ, რომ არის ძალიან ბევრი ტერმინი, რომელიც უცხო ენაზე გამოიყენება ხშირად და ზოგჯერ გაუგებრობას ქმნის. აქედან გამომდინარე, რაც უფრო გათვითცნობიერებული იქნება მომხმარებელი ამ სხვადასხვა პროდუქტებთან დაკავშირებით, რომელიც არის შეთავაზებული ქართულ საფინანსო სექტორში, მით უკეთესია. ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ტერმინები უმეტესწილად გამოიყენება სხვადასხვა ფინანსურ ხელშეკრულებებში, გარიგებებში და მომხმარებლებმა კარგად უნდა იცოდნენ, თუ რას ნიშნავს ეს ტერმინები. რაც უფრო ინფორმირებული იქნება მომხმარებელი, მით უფრო ნაკლები იქნება იმის რისკი, რომ რაიმე გაუთვალისწინებელი ან მოულოდნელი შედეგი დადგეს ამ ხელშეკრულებების მერე”, - განაცხადა გვენეტაძემ.
მისივე თქმით, ასევე მისასალმებელია ის, რომ ლექსიკონი კომერციულმა ბანკმა გააკეთა.
”ზოგადად, კომერციულმა ბანკებმა ასევე უნდა შეიტანონ წვლილი ფინანსურ განათლებაში, რადგან ზუსტად მათ ინტერესშია ქვეყანაში იყოს გათვითცნობიერებული და განათლებული მომხმარებელი.
მოვუწოდებ სხვა ბანკებსაც, უფრო აქტიურად ჩაებან სხვადასხვა მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ ეროვნულმა ბანკმა დაამტკიცა გასულ წელს ფინანსური განათლების სტრატეგია. უნდა ვთქვა, რომ სხვა კომერციული ბანკებიც მონაწილეობენ სხვადასხვა მიმართულებით”, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
რაც შეეხება უშუალოდ ლექსიკონს, ეს არის საქართველოში საბანკო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონის პირველი გამოცემა. ის მოიცავს 1 000-მდე ტერმინს, როგორც საბანკო, ისე საფინანსო, იურიდიული, საბუღალტრო, სადაზღვევო, მარკეტინგული და სხვა მონათესავე სფეროებიდან.