ჟურნალ „ეკონომისტის“ წლიური გამოცემის „მსოფლიო 2017“ ქართული ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა

ჟურნალ „ეკონომისტის“ (The Economist) წლიური გამოცემის „მსოფლიო 2017“ ქართული ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა.

ჟურნალის სტატიებს შორისაა „პლანეტა ტრამპი“, „ბოლშევიზმის დაბრუნება“, „ყველაფრის თავმჯდომარე“, „ქერა პომპეზურობა“, „ბრძოლა საფრანგეთისთვის“, „ლენინის შურისძიება“, „ესპანეთის გასაჭირი“, „ლოდინი ჩამოშლის წინ“, „მიწისძვრა სახელად ტრამპი“, „კანადა ეიფორიაშია“, „კარი გააღე იაპონია“, „ძალა ციფრებშია“, „როცა ისლამური სახელმწიფო წარსულს ჩაბარდება“, „ჩამოეცალეთ გოგონებს გზიდან“ და სხვ.

ღონისძიება რესტორან „ტაბლაში“ ბიზნეს ლანჩის ფორმატში წარიმართა, სადაც ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებს განათლების რეფორმის კონცეფცია გააცნო, ხოლო გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა გარემოსდაცვითი განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მინისტრების პრეზენტაციების შემდეგ დისკუსია გაიმართა, რა დროსაც ბიზნესის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ მთავრობის წევრებისგან მიეღოთ პასუხები აქტუალურ თემებზე.

ჟურნალ „ეკონომისტის“ გამომცემლის, „ჯორჯია თუდეი ჯგუფის“ მენეჯერის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, „ჟურნალ „ეკონომისტის“ 2017 წლის გამოცემის პრეზენტაციასთან ერთად არაფორმალურ გარემოში მინისტრების მიწვევა და სხვადასხვა აქტუალური თემების განხილვა საინტერესო აღმოჩნდა.

„ასეთი ფორმატი, როდესაც არაფორმალურ გარემოში ხდება მნიშვნელოვანი რეფორმების განხილვა, ეფექტურია, როგორც მთავრობის, ასევე კერძო სექტორისთვის“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

„მსოფლიო 2017“-ში წარმოდგენილია ქართული ბლოკი, სადაც ავტორთა შორის არიან საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, ეკონომიკის, ფინანსთა, განათლებისა და გარემოს დაცვის მინისტრები, ასევე ამერიკის, ბრიტანეთის, ევროკავშირის, გაეროს ელჩები და ქართველი ბიზნეს ლიდერები.

„ჯორჯია თუდეი ჯგუფი“ ბრიტანული „ეკონომისტის“ ექსკლუზიური ლიცენზიანტია საქართველოში. ჟურნალი „მსოფლიო 2017“ უკვე გაყიდვაშია. ეს არის ჟურნალი მათთვის, ვისთვისაც, მნიშვნელოვანია, კარგად იცნობდეს მსოფლიოში არსებულ ტენდენციებს, საერთაშორისო პოლიტიკასა თუ ბიზნესში.