ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით პოზიციას იუმჯობესებს და ამ ტენდენციას უკვე თვეზე მეტია, ინარჩუნებს. ლარი, წლის დასაწყისიდან მოყოლებული, 11,5%-ით გამყარდა და, რაც მთავარია, სტაბილურობას ინარჩუნებს. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, წესით, სავალუტო ბაზრის დამშვიდება უნდა ასახულიყო სამომხმარებლო ბაზარზე, თუმცა ფასების კლების მიმართულებით ცვლილება იგვიანებს.
მომხმარებლები უკმაყოფილებას არ მალავენ და მაღალი ფასებით გამოწვეული მძიმე სოციალური ფონის შემსუბუქებას ითხოვენ. იმპორტიორებს მიაჩნიათ, რომ ჯერ გაიაფება ნაადრევია, რადგან ვალუტის გამყარება შესაძლოა, დროებითი იყოს და ლარი ისევ გაუფასურდეს. მათი თქმით, ფასის შემცირება აუცილებლად დაიწყება იმ შემთხვევაში, თუკი სავალუტო ნიშნული 2,4-ს ჩამოსცდება.
სადისტრიბუციო კომპანია "გრანდის" დამფუძნებელი ივა ჭყონია "რეზონანსთან" აცხადებს, რომ სავალუტო ბაზარზე მიმდინარე მოვლენები დამაკმაყოფილებელია, მაგრამ პროდუქციის გაიაფებისთვის - არასაკმარისი. სამომხმარებლო ბაზარზე ფასებს მაშინ გადახედავენ, როდესაც ლარის ნიშნული 2,4-ზე დაბლა ჩამოვა. ასევე მნიშვნელოვანია, დაიკლოს საწვავის ფასმაც, რადგან მისი გაზრდილი ღირებულება ავტომატურად აისახება პროდუქტის ფასზე.
"ლარი რა ნიშნულსაც დაიჭერს, იმის მიხედვით დგინდება საქონლის ფასიც. გამყარების ტენდენცია შეინიშნება, არის კომპანიები, რომლებმაც უკვე გააიაფეს პროდუქციის ნაწილი. თუ ეს ტენდენცია (ვალუტის გამყარება) გაგრძელდა, რა თქმა უნდა, ფასები შედარებით დაიკლებს. მთავარია, ამ დროს საწვავი არ გაძვირდეს, რაც კომპანიებისთვის დიდი პრობლემაა. ძირითადად ყველა სადისტრიბუციო კომპანია საწვავის ღირებულებაზე არის დამოკიდებული. ბევრი ამტკიცებს, თითქოს საწვავის ფასს უმნიშვნელო გავლენა აქვს, რაც არ შეესაბამება რეალობას.
ეროვნული ვალუტა 2.65-იან ნიშნულთან შედარებით დღეს ნამდვილად უკეთეს პოზიციაშია, თუმცა თუ კიდევ დაიწყებს კლებას და 2.4-ს ჩამოსცდება, რა თქმა უნდა, დაიწყება ფასების კორექტირება", - განუცხადა "რეზონანსს" ივა ჭყონიამ.
სამომხმარებლო ბაზარზე პროდუქტის მაღალი ფასების გამო მოსახლეობა უკმაყოფილებას არ მალავს. ერთ-ერთი მათგანია ლელა ციცხვაია, რომელმაც "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, რომ პირველადი და სხვა საჭირო პროდუქტის შეძენა დღითიდღე უჭირს. მისი შემოსავალი ბაზარზე არსებულ ფასებს ვერ უმკლავდება.
"პირადად ჩემთვის არც ლარის გაუფასურებას და არც გამყარებას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ერთნაირად მიჭირს პროდუქტის შეძენა, რომელიც საგრძნობლად გაძვირებულია. როდესაც ლარმა გამყარება დაიწყო, ვიმედოვნებდი, რომ სამომხმარებლო ბაზარს ცვლილება დაეტყობოდა, თუმცა შევცდი. ისევ ისეთი სიძვირეა დახლებზე, როგორც რამდენიმე კვირის წინ იყო.
ჩემი შემოსავალი იმდენად მცირეა, რომ ვერ ვახერხებ თვიდან თვემდე პროდუქტების ნორმალურად შეძენას, არის შემთხვევები, როდესაც ან რამის მოკლება გვიწევს, ან თანხის სესხება. მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ძალიან მძიმე სოციალურ პირობებში უწევს ცხოვრება, ეს არავისთვისაა უცხო. როგორმე შეეცადონ, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო არ დაამძიმონ, თორემ ხალხი უკვე ელემენტარულ ხარჯსაც ვეღარ გაუმკლავდება", - განაცხადა ციცხვაიამ.
ნათია ლომიძე
გაზეთი "რეზონანსი"