RMG-ის რეზერვუარებიდან დაბინძურებული წყალი მდინარე კაზრეთულაში ჩაიღვარა

ბოლნისის რაიონი ეკოლოგიური საფრთხის წინაშეა. ოქროსა და სპილენძის მომპოვებელი კომპანიის, RMG ჯგუფის ცნობით, რეზერვუარის გადავსების გამო გარკვეული რაოდენობის დაბინძურებული წყალი ავარიულად ჩაიღვარა მდინარე კაზრეთულაში.

აღნიშნულის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც მდინარე მაშავერამ გუშინ მკვდარი თევზები გამორიყა. სწორედ მაშავერას უერთდება მდინარე კაზრეთულა, რომელშიც დაბინძურებული წყალი ჩაიღვარა. გაზეთ "ბოლნისის" ინფორმაციით, მოსახლეობა გამორიყულ თევზს საკვებად აგროვებდა, რამაც შესაძლოა, მათ ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას.

კომპანია RMG, რომელიც ყოფილი ”მადნეულისა” და ”კვარციტის” სამართალმემკვიდრეა, აღნიშნულ ფაქტს საწარმოს თანამშრომლების გაფიცვას უკავშირებს და ამ კავშირს იმით ხსნის, რომ საწარმოს საქმიანობის პარალიზება პირდაპირ კავშირშია გარემოზე ნეგატიურ ზემოქმედებასთან.

როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, იმის გამო, რომ საწარმოს შესასვლელი ბლოკირებულია და კომპანიის იმ თანამშრომლებს, რომლებიც არ უერთდებიან აქციას, არ ეძლევათ საშუალება განახორციელონ მათზე დაკისრებული უფლება-მოვალეობები, რაიონი ეკოლოგიური საფრთხის წინაშე დადგა.

მოსალოდნელ ეკოლოგიურ რისკებთან დაკავშირებით კომპანიამ მოაწყო საგანგებო პრესკონფერენცია და წერილობით მიმართა საქართველოს მთავრობას, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, შინაგან საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებს.

"ამ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენ თავად ვაცნობეთ გარემოს დაცვის საზედამხედველო ორგანოებს. ამ ეტაპზე კომპანიის ეკოლოგიური სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გარემოს დაცვის ინსპექცია სწავლობს სიტუაციას და როგორც კი დამატებითი ინფორმაცია გახდება ცნობილი, კომპანია გააკეთებს განცხადებას", - აღნიშნულია კომპანია RMG-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასობაში კი, მდინარე მაშავერაზე დაფიქსირებულ თევზების დახოცვის ფაქტთან დაკავშირებით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს გაატარებს.

სამინისტროს ცნობით, არსებული სიტუაციის შესწავლასა და გამომწვევი მიზეზების დადგენას დეპარტამენტის უფლებამოსილი პირები ადგილზე ახორციელებენ. კერძოდ, წყლის ობიექტში დამაბინძურებელ ნივთიერებათა განსაზღვრის მიზნით, მდინარე მაშავერაზე და მდინარე კაზრეთულაზე გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები, დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად სინჯებს იღებენ. ლაბორატორიული ანალიზით განსაზღვრული იქნება დამაბინძურებელ ნივთიერებათა ფაქტობრივი კონცენტრაცია.

”მიღებული შედეგების გათვალისწინებით, დეპარტამენტი გაატარებს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ შესაბამის ღონისძიებებს", - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.