საკრებულოში შემოსულია ცვლილება დადგენილების პროექტში, რომლის მიხედვითაც, თბილისის მერია აპირებს საბაგირო გზებზე მგზავრობის ღირებულება გააორმაგოს , - ამის შესახებ თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, მერია აპირებს რიყე-ნარიყალასა და ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბის საბაგირო გზებით სარგებლობა 1 ლარის ნაცვლად 2 ლარი გახადოს.
ირაკლი ნადირაძის თქმით, დადგენილების პროექტში ცვლილება შეეხება სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეებს, რომლებიც უფასოდ, ან 50%-იანი ფასდაკლებით სარგებლობდნენ.
„ამ საბაგირო გზით მთელი რიგი კატეგორიები - ომის ვეტერანები, უსინათლო პირები, მოსწავლეები სარგებლობდნენ უფასოდ. სტუდენტები, მასწავლებლები, ბაღის პედაგოგები კი 50%-იანი შეღავათით. ყველა ეს შეღავათი მოიხსნება და მგზავრობა ყველასთვის გახდება 2 ლარი. ეს არის იმ პოლიტიკის ნაწილი, როდესაც ხელისუფლება ეტაპობრივად აძვირებს ყველაფერს მთელი ქვეყნის მასშტაბით. „ქართული ოცნების“ დაპირებები, რომ გაიაფდებოდა ყველაფერი, ისევე როგორც ყველა საკითხზე, ტრანსპორტთან დაკავშირებითაც ყველაფერი ხდება პირიქით. როგორც ჩანს, ისინი შეპარვით, ეტაპობრივად ცდილობენ ტრანსპორტის გაძვირებას“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გავა.