ჩამორთმეული ქონება, რომლებიც ბიზნესმენებს სახელმწიფომ 1 ლარად დაუბრუნა

2015-2016 წლებში სახელმწიფომ სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადასცა კუთვნილი ქონება იმ ადამიანებს, რომლებსაც წინა ხელისუფლების დროს ის უკანონოდ ჩამოერთვათ. მათ შორისაა რამდენიმე ბიზნესმენი, რომელთაც ერთ ლარად გადაეცათ მათივე კუთვნილი, საკმაოდ ძვირადღირებული ქონება. დაბრუნებულ ქონებას შორის, ძვირადღირებული ავტომობილები, მიწის ნაკვეთები და ოქროს ნაკეთობებიც კი შედის. გთავაზობთ ოფიციალურ ინფორმაციას, კერძო პირებისთვის დაბრუნებული ქონების შესახებ. მონაცემები AMBEBI.GE-ს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტომ ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველზე მიაწოდა.

გელა ბარკალაია, "მათე მოტორსის" დამფუძნებელი

ცნობილი საავტომობილო კომპანიის დამფუძნებელ გელა ბარკალაიას, რომელიც ამჟამად პატიმრობაშია, 2015 წელს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განკარგულებით უკან დაუბრუნდა Toyota Hilux 2.5 TD-ის 10 ავტომობილი.

ბიზნესმენისთვის ქონების დაბრუნება პროკურატურაში შეტანილი განაცხადის საფუძველზე მოხდა. ბარკალაიამ 2013 წელს პროკურატურას მიმართა ქონების დაბრუნების მოთხოვნით, რომელიც 2 წლის შემდეგ დაკმაყოფილდა.

ბარკალაიასთვის ქონების ჩამორთმევა სააკაშვილის ხელისუფლების დროს ასეთი გზით მოხდა: 2010 წლის ივნისში იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ქრთამის მიცემის ფაქტზე დააკავეს შპს "მათე მოტორსის" დამფუძნებელი გელა ბარკალაია, რომელსაც პატიმრობაში ყოფნის პერიოდში გადასცეს პროკურატურის მოთხოვნა, რომ თუ მას სურდა საპროცესო შეთანხმების გაფორმება 7-წლიანი პატიმრობის ნაცვლად და საპატიმროს დატოვება, უნდა შეეძინა 10 ერთეული TOYOTA HILUX-ის მარკის ავტომანქანა და ეჩუქებინა სახელმწიფოსათვის. გელა ბარკალაია დათანხმდა პროკურატურის ამ მოთხოვნას. 2010 წლის 27 ივლისს, მისმა წარმომადგენელმა მინდობილობის საფუძველზე, პროკურატურის მითითებით "ტოიოტა ცენტრი თბილისისგან" 443 223 ლარად შეიძინა 10 ერთეული "ტოიოტა ჰაილუქსის" მარკის ავტომანქანა.

ბარკალაიასთან ერთად ჩამორთმეული ავტომობილები დაუბრუნდათ კიდევ ორ ადამიანს: Mercedes-Benz E320 - რევაზ ფერაძეს და Nisan Murano 3.5 SE - გივი ღუჭაშვილს.

დავით ჩიტაია, საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ "იბერიას" დირექტორი

ჩიტაიას "ოცნების" ხელისუფლების დროს 1 ლარად დაუბრუნდა ავტომობილი Hyundai Tucson.

2010 წლის მაისში შსს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით დავით გურამიშვილის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ "იბერიას" დირექტორი დავით ჩიტაია დააკავეს. შსს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ჩიტაიას შეუთვალეს, რომ თუ მას საპროცესო შეთანხმების გაფორმება და საპატიმროს დატოვება სურდა, საპროცესო შეთანხმებისთვის უნდა გადაეხადა ჯარიმა 140 000 ლარი და გენერალური ინსპექციისთვის შეეძინა "ჰიუნდაის" მარკის ავტომანქანა. ჩიტაია იძულებული გახდა, დათანხმებოდა უკანონო მოთხოვნას და ოჯახის წევრების მეშვეობით, "ჰიუნდაის" ცენტრში 27 000 აშშ დოლარად შეიძინა ავტომანქანა "ჰიუნდაი ტუქსონ IX35", რომელიც მისი ნდობით აღჭურვილმა პირმა აჩუქა შინაგან საქმეთა სამინისტროს.

თეიმურაზ გავაშელიშვილი

2015 წელს თეიმურაზ გავაშელიშვილს სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაეცა კუთვნილი ოქროს ნაკეთობები. როგორც ირკვევა, 2011 წლის მაისში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამდებობის პირმა, კუდ-ის უფროსთან დათა ახალაიასთან შეთანხმებით, ბრალდებულ თეიმურაზ გავაშელიშვილს, სასამართლოში ბრალდების მოხსნის სანაცვლოდ, სახელმწიფოსთვის აჩუქებინა მის საკუთრებაში არსებული მანქანები Volkswagen Jetta და Mercedes E 200, ასევე, 35 000 ლარამდე ღირებულების 48 სახეობის პირადი ოქროს სამკაულები.

გავაშელიშვილი 2010 წელს ცნობილი ე.წ ნარკოკარტელის საქმეზე დააკავეს. მას ფოთის საქალაქო სასამართლომ 16 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კი სასჯელი 2 წლამდე შეუმცირა. საქმეზე ასევე დააკავეს ანასტასია ზაუტაშვილი, მევლუდ სვანიძე, რომან მუსემიანი, გიორგი ჩეჩელაშვილი და თენგიზ გურჩიანი. ჩხრეკისას მევლუდ სვანიძის ეზოდან ამოიღეს მიწაში დამარხული დაახლოებით 1 700 000 ევრო, ხოლო ანასტასია ზაუტაშვილის ბინიდან - 50 000 ევრო. დაკავებულებს 30-30-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ, ნუგზარ ბოჭორიშვილს კი განაჩენი დაუსწრებლად წარუდგინეს და უვადო პატიმრობა მიუსაჯეს. ის საბერძნეთის მოქალაქეა და არსებული ინფორმაციით, დღეს ესპანეთში ცხოვრობს.­ 2012 წლის შემდეგ მიღებული ამნისტიით ანასტასია ზაუტაშვილს სასჯელი 12 წლამდე შეუმცირდა, იგი სასჯელს იხდის.

2015 წელს, ქონების დაბრუნებისას გავაშელიშვილმა განაცხადა: "წინა ხელისუფლების დროს უკანონოდ დამიჭირეს. ჯერ 16 წელი მომცეს, შემდეგ შემიცვალეს და 2 წელი მომცეს. მას შემდეგ სულ ვწერდი და რაღაცის იმედი სულ მქონდა. ჩემი საქმე სტრასბურგშიც ჩაბარებულია და მიღებული აქვს წარმოებაში. ძალიან კარგია, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს და სტრასბურგში სირბილი და წვალება აღარ დამჭირდა", - აცხადებს თეიმურაზ გავაშელიშვილი.

ირაკლი მახარაშვილი

მოქალაქე ირაკლი მახარაშვილს 2015 წელს სოფელ დიღომში მდებარე 1020კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად 1 ლარად პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განკარგულებით გადაეცა. მახარაშვილი საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2010 წელს დააკავა. პროკურატურის წარმომადგენლებმა მას საპროცესო შეთანხმების გაფორმებისას არაოფიციალურად მოსთხოვეს მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმობა. მახარაშვილმა თავისუფლების სანაცვლოდ სოფელ დიღომში მდებარე 1020 კვ.მ მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა. იხილეთ გაგრძელება