4 წლის ემილია, რომელსაც Youtube-ზე საბავშვო ვიდეოების ყურება ძალიან უყვარდა, თავად გახდა მსგავსი ვიდეოების მთავარი გმირი და ამავდროულად, ყველაზე პოპულარული ბავშვი თანატოლებს შორის.
1 წელზე ცოტა მეტია, რაც EmiliTV-ის მამა-შვილი ემილია და ლევან ალიმბარაშვილები ქმნიან. არხზე გასართობი და შემეცნებითი ვიდეოები ქვეყნდება. ამ პერიოდში ემილიამ უამრავი ბავშვის გულის მოგება მოახერხა. მანამდე სხვა საბავშვო არხი ქართულ ენაზე არ არსებობდა, ახლა კი ბაზარზე ახალი მოთამაშეები უკვე გამოჩნდნენ. თუმცა, გაზრდილი კონკურენციის მიუხედავად, EmiliTV-ის ვიდეოებს მნახველებისა და არხის გამომწერების რაოდენობა მუდმივად მზარდია.
”ამჟამად 42 670 გამომწერი გვყავს. სასწავლო და გასართობი ვიდეოები ინგლისურ და რუსულ ენებზე ძალიან პოპულარულია. ქართული კი არ არსებობდა. EmiliTV-ის ჩამოყალიბებამდე, მსგავსი არხი გვქონდა რუსულ ენაზე და მას ახლაც აქტიურად ვაახლებთ. გარკვეული გამოცდილების შეძენისა და პოპულარობის მოპოვების შემდეგ უკვე ქართული არხის გაკეთება გადავწყვიტე”, - ამბობს ლევან ალიმბარაშვილი.
ლევანს Youtube არხების შექმნამდე ვიდეო გადაღებისა და მონტაჟის გამოცდილება არ ჰქონდა. ის საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტია და ამჟამადაც საკუთარი სპეციალობით არის დასაქმებული. EmiliTV-ზე მუშაობას კი სამსახურის შემდეგ საათებსა და დასვენების დღეებში ახერხებს.
”ბევრს ჰგონია, რომ საბავშვო ვიდეოების კეთება მარტივია. ემილია თამაშობს, მე ვიღებ და შემდეგ პირდაპირ ვტვირთავ Youtube-ზე. რეალურად კი ეს ბევრად რთული პროცესია. ვიდეოს აუცილებლად სჭირდება მონტაჟი, რაც ისევე როგორც გადაღება, ჩემით შევისწავლე. ყველაზე დიდი სირთულე სწორედ მონტაჟის სწავლა იყო და ყველაზე მეტ დროს დღემდე ეს პროცესი მართმევს. სცენარს სრულად არ ვწერთ წინასწარ. მხოლოდ ზოგად მონახაზს და მინიმალურ მითითებებს ვაძლევთ ბავშვს, დანარჩენი კი იმპროვიზაციაა. მაყურებელს ბუნებრივობა და იმპროვიზაცია უფრო მოსწონს, ვიდრე დადგმული სცენები,” - განმარტავს ლევანი.
მამისთვის, რომელიც ტექნიკური მხარეს უზრუნველყოფს, პროცესი საკმაოდ რთულია. ვიდეოების მთავარი გმირისთვის - ემილიასთვის კი პროცესი ძალიან სასიამოვნოა. თავდაპირველად, მას პოპულარობასთან შეგუება მეტ-ნაკლებად გაუჭირდა. ეუცნაურებოდა, როდესაც ქუჩაში ბავშვები და მათი მშობლები ცნობდნენ და ფოტოების გადაღებას სთხოვდნენ. ახლა ეს ყველაფერი ძალიან სიამოვნებს და უხარია.
”ზოგჯერ, შეიძლება ემილიას ძალიან არეული დღის რეჟიმი ჰქონდეს და ასეთ დღეებში უხასიათოდაა. თუმცა ზოგადად, გადაღების პროცესი და პოპულარობა ძალიან მოსწონს,” - ამბობს ლევანი.
EmiliTV-ზე ახალი ვიდეოები დაახლოებით დღეგამოშვებით იტვირთება. სცენარების 80-ზე მეტს თავად ლევანი იფიქრებს. იშვიათად კი, უცხოური ვიდეოს ნახვის შემდეგ, მის ქართულ ვარიანტს აკეთებენ. სცენარები მარტივი და სახალისოა. შეიძლება ის იყოს რომელიმე სათამაშოზე, ან ემილი გასართობად გავიდეს სადმე და პარალელურად, ვიდეო გადაიღონ. მაგალითად, ახლახანს გადაიღეს ვიდეო, როცა ემილია დედას ურჩევდა საჩუქარს დედის დღისთვის.
ლევანი ვიდეოსთვის საჭირო სათამაშოებს თავად ყიდულობს, რაც საკმაოდ დიდ ხარჯთანაა დაკავშირებული.
”რამდენჯერმე გვქონდა მცდელობა, რომ მაღაზიებს თანამშრომლობა შევთავაზეთ ჩვენთვის სათამაშოების მოწოდების კუთხით. ხარისხიანი საბავშვო ნივთები ძვირია და ეს ჩვენთვის დიდი დახმარება იქნებოდა. თუმცა მათგან დაინტერესება არ იყო. ჩვენს ვიდეოებს ნახვების საკმაოდ დიდი რაოდენობა აქვს და წესით, ეს თანამშრომლობა მათთვისაც სასურველი უნდა ყოფილიყო. საზღვარგარეთ მსგავსი პარტნიორობა მეტად მიღებული პრაქტიკაა. რამდენიმე უარის შემდეგ ჩვენც აღარ ვაქტიურობთ და აღარ ვთავაზობთ მაღაზიებს თანამშრომლობას,” - განმარტავს ლევანი.
Youtube ვიდეოს ავტორებს კომერციულ ნახვებზე გარკვეულ თანხას უხდის. თუმცა ქართულ ვიდეოებზე ანაზღაურება მიზერულია. რუსული და ინგლისურენოვანი ვიდეოების ავტორს კი სოლიდური მოგების გამომუშავების საშუალება აქვს.
„ჩვენი რუსულენოვანი არხი უფრო მომგებიანია. იქიდან მიღებულ შემოსავალს ქართულ არხის განვითარებასაც ვახმართ. ამ ეტაპზე EmiliTV მომგებიან საქმედ ვერ ჩაითვლება. თუმცა მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ფინანსური დაინტერესება ნამდვილად მაქვს და მჯერა, რომ არხის მასშტაბები და შესაბამისად, ჩვენი შემოსავალი გაიზრდება. პირველ ეტაპზე, ასეთ რეიტინგს ნამდვილად არ ველოდი. ნელ-ნელა ვვითარდებით და დაინტერესებაც მატულობს. უახლოეს მომავალში სიმღერების გაკეთებას ვაპირებთ ანიმაციის სახით. მგონია, რომ ეს ბავშვებს მოეწონებათ და შეიძლება მეტი ფინანსური სარგებელიც მოიტანოს", - ამბობს ლევანი ალიმბარაშვილი.
ლევანი სხვა ქართული საბავშვო Youtube არხების შექმნას მიეასალმება და მათ პირდაპირ კონკურენტებად არ განიხილავს.
„რაც მეტი ქართული პროდუქტი შეიქმნება, მით უკეთესია ჩვენთვის. ქართველი ბავშვები ემილის ვიდეოების ნახვის შემდეგ რუსულ ან ინგლისურ ვიდეოებს კი არ ჩართავენ, არამედ სხვა ქართულ არხებზე გადავლენ. ეს ჩვენი მნახველების რაოდენობაზე გავლენას არ მოახდენს,“ - განმარტავს ლევანი.
ნანა მღებრიშვილი