დედაქალაქის მერია პარკინგის გადახდის ახალ სისტემაზე მუშაობს.
როგორც საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა ნუგზარ მალაღურაძემ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, დაახლოებით, 10 დღეში საკრებულო პარკირების ახალ სისტემაზე განხილვებს დაიწყებს.
„ქალაქში პარკირების გადასახადი ფაქტობრივად არ არსებობს. ამიტომ ყველა ვთანხმდებით, რომ პარკირების სისტემა უნდა შეიცვალოს. სამუშაო ჯგუფი რამდენიმე ვარიანტზე მუშაობდა. აღნიშნული ვერსიების განხილვა საკრებულოში დაახლოებით 10 დღეში დაიწყება,“ - აღნიშნავს მალაღურაძე.
დედაქალაქის მერიაში კი ამბობენ, რომ ამ ეტაპზე სამუშაო პროცესი გრძელდება. რაც შეეხება კომპანია „სითი პარკთან“ დადებულ ხელშეკრულებას, მათი ცნობით, ამ მხრივ პრობლემა არ არის და მერია ამ კუთხით თავისუფალია.
„პარკირების სხვადასხვა მეთოდზე ვფიქრობთ, ჯერ საბოლოო ვერსია არ არის მიღებული. შეიძლება იყოს ზონების მიხედვით გადახდა - დედაქალაქი ზონებად დაიყოს და სხვადასხვა ზონაში განსხვავებული ტარიფი დაწესდეს. შესაძლოა იყოს საათობრივი გადახდის სისტემა“, - აღნიშნეს მერიაში.
კომპანია „სითი პარკში“ კი კომენტარს არ აკეთებენ და აღნიშნავენ, რომ კომპანია ამ პროცესში ჩართული არ არის და კომენტარის გაკეთება მხოლოდ მას შემდეგ შეეძლებათ, რაც კონკრეტული დეტალები გახდება ცნობილი.