საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი პროგრამის - პერსონალური ინფლაციის კალკულატორის პრეზენტაცია გამართა.
პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა მერი დაუშვილმა ახალი პროდუქტის დეტალები გააცნო. მისი თქმით, აღნიშნული პროდუქტი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, გაიანგარიშოს ინფლაციის დონე პირადი ხარჯების სტრუქტურის გათვალისწინებით. მერი დაუშვილმა ასევე აღნიშნა, რომ პერსონალური ინფლაციის კალკულატორის პროგრამა მსოფლიოს წამყვან ქვეყნებშია დანერგილი.
”უშუალოდ თითოეულ ადამიანს შეუძლია მისი და ოჯახის წევრების ხარჯების მიხედვით პერსონალური ინფლაცია დათვალოს. მისთვის იქნება მნიშვნელოვანი არსებული ინფორმაცია კონკრეტულ პიროვნებას რამდენად შეეხება”, - განაცხადა მერი დაუშვილმა.
ღონისძიებას „საქსტატის“ ხელმძღვანელობასთან ერთად ასევე ესწრებოდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.
ეკონომიკის ექსპერტ ლევან კალანდაძის შეფასებით, საქსტატის ვებგვერდი ბოლო პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტებით დაიტვირთა, რომელთა გამოყენება მოქალაქეებს სწორი აქცენტების დასმის საშუალებას აძლევს.
”პერსონალური ინფლაციის კალკულატორი არის საშუალება, რომ თითოეულმა მოქალაქემ საკუთარი შემოსავლებისა და ხარჯების მიხედვით ონლაინ რეჟიმში დამატებითი მონაცემების შეტანის გარეშე დაიანგარიშოს საკუთარი პერსონალური ინფლაცია და გარკვეულწილად დააკორექტიროს საკუთარი ხარჯების სტრუქტურები. ეს არის ანალიზისა და სწორი დასკვნებისთვის ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი”, - აღნიშნა ლევან კალანდაძემ.
„საქსტატის“ განმარტებით, პერსონალური ინფლაციით დათვლილი შედეგი შესაძლებელია არსებითად განსხვავდებოდეს ინფლაციის ოფიციალური მაჩვენებლისგან, რადგან ინფლაცია ქვეყანაში არსებული ფასების ზოგად მაჩვენებლებს ზომავს, ხოლო პერსონალური ინფლაცია იანგარიშება კონკრეტული მომხმარებლებისთვის პრიორიტეტული საქონლის ფასების ცვლილების მიხედვით. პერსონალური ინფლაციის კალკულატორი „საქსტატის“ ვებგვერდზე განთავსდება და ნებისმიერი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება.