პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში კიდევ ორი ახალი საწარმო შეიქმნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
კვირიკაშვილის ინფორმაციით, საქმე ეხება ქუთაისში არაძვირფასი ლითონის მწარმოებელ საწარმოს და თბილისში, საფეიქრო ნაწარმის მწარმოებელი საწარმოს შექმნას.
„ქუთაისში არაძვირფასი ლითონების მწარმოებელი საწარმო იქმნება, რომლის შექმნისთვისაც სახელმწიფო გადასცემს მიწას და პროგრამის ფარგლებში ყველა მექანიზმი ჩაირთვება, რაც არის სესხის სუბსიდირება, საბანკო გირაოს ნაწილში უზრუნველყოფის თანამონაწილეობა და ა.შ. პროექტის განსახორციელებლად მილიონ 360 ათასი ლარის ინვესტიცია გამოიყოფა და სხვადასხვა ეტაპზე 60-მდე ადამიანი დასაქმდება. მეორე არის საფეიქრო ნაწარმის საწარმოს შექმნა. პროექტი 4 მილიონ ლარამდე ინვესტიციას ითვალისწინებს და პირველ ეტაპზე საწარმოში 30-მდე ადამიანი დასაქმდება“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა ისაუბრა სამეგრელოში გახსნილ ხილის გადამამუშავებელ საწარმოზე. კვირიკაშვილის თქმით, საწარმო „ერთიანი აგროკრედიტის პროგრამის“ ფარგლებში გაიხსნა და იქ დანერგილია ხილის გადამუშავების სპეციალური ტექნოლოგია, როცა ქართული ხილის გადამუშავების შემდეგ, ხდება ვიტამინების და მიკროელემენტების 98%-ის შენარჩუნება.
„ეს უნიკალური მეთოდია, რომელიც საშუალებას გვაძლევს არა მარტო მაღალი ხარისხის, არამედ შედარებით დაბალი ხარისხის ხილი გადამუშავდეს, რომელიც უკვე შემდგომში გაიყიდება გამომშრალი სახით. საწარმოს უკვე წინასწარ აქვს შეკვეთები (პრაქტიკულად 100%-ზე იმ პროდუქციის, რომელსაც მომავალი ერთი წლის განმავლობაში დაამზადებს), ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან, გაერთიანებული საემიროებიდან და სხვა ქვეყნებიდან. მინდა მივულოცო სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი“, - აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საწარმოს ფარგლებში 35 ადამიანია დასაქმებული, ხოლო 150-მდე ფერმერთან ხელშეკრულებაა გაფორმებული, რაც ამდენივე ოჯახს ნიშნავს.
„ამ პროგრამის ფარგლებში ძალიან ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდა და მე მინდა ყველა სამინისტროს გთხოვოთ, რომელიც იმოგზაურებთ სხვადასხვა რეგიონში, მაქსიმალურად გავაშუქოთ ეს მიღწევები, ვინაიდან ბევრმა ადამიანმა არ იცის ამის შესახებ და მინდა რაც შეიძლება ბევრმა გაიგოს ეს“, - აღნიშნა პრემიერმა.