ამ ადამიანებს საკუთარი, პირადი სარგებლის მიღების იქით არაფერი აინტერესებთ, - ამის შესახებ განცხადება ,,ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის მშენებლობის საკითხის კომენტირებისას გააკეთა.
ირაკლი აბესაძის თქმით, პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს დაანონსებული განცხადებიდან ჩანს, რომ საბიუჯეტო სახსრებით ათეულობით მილიონი ლარი მინისტრების და ჩინოვნიკების კომფორტისთვის უნდა დაიხარჯოს.
,,სამწუხაროა, რომ სამთავრობო გუნდი აგრძელებს ადმინისტრაციული სახსრების ხარჯვას. 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას ჩვენ ვნახეთ, რომ ბიუროკრატიული ფუფუნებაზე უარის ვერ თქმის გამო გაზარდეს გადასახადები და დღეს მოსახლეობას სხვადასხვა პროდუქტებში უწევს გაცილებით მეტის გადახდა, ვიდრე ეს იყო მანამდე. კვირიკაშვილი აანონსებს, რომ საბიუჯეტო სახსრებიდან ათეულობით მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს კვლავ ჩინოვნიკებისთვის, მინისტრებისთვის კომფორტის მოწყობაზე და ეს თანხა უნდა მოაკლდეს სოციალურად დაუცველებს, პენსიონერებს, ეკონომიკის განვითარების პროგრამებს, რომელიც მნიშვნელოვანია განვითარებისთვის. ამ ყველაფერს ხედავს საზოგადოება. დასკვნა მარტივია. ამ ადამიანებს საკუთარი, პირადი სარგებლის მიღების იქით არაფერი აინტერესებთ“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის მშენებლობა იწყება, სადაც პრაქტიკულად ყველა სამინისტრო განთავსდება, ერთეული გამონაკლისის გარდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, აღნიშნული ქალაქის მშენებლობისთვის გამოყოფილია საკმაოდ დიდი ტერიტორია.