სილამაზის სალონებისა და კოსმეტოლოგიური კაბინეტების მფლობელები კლიენტების სიმცირეს უჩივიან. მათი თქმით, წლის დასაწყისიდან ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა და ყოველდღიურად მძიმდება.
საბურთალოს რაიონში, ერთ-ერთი პრესტიჟული სალონის მფლობელი გვეუბნება, რომ ბოლო ხანებში, სალონს მხოლოდ სადღესასწაულო დღეებში სტუმრობენ.
"კლიენტების სიმცირის პიკი იყო დოლარის გაძვირების დღეები. ახლა ვითარება ოდნავ გამოსწორდა. თუმცა, შარშან ამ დროსთან შედარებაც არ არის. სალონის მეპატრონეები ვცდილობთ, ისეთი სტილისტები მოვიყვანოთ, ვისაც უკვე თავისი კლიენტები ჰყავს, რათა აქაურ, სალონის ძველ კლიენტებს მიემატონ. მთლიანობაში რაღაც გამოგვდის, ხარჯებსაც ისტუმრებს და ჩვენც გვრჩება. კონკურენცია დიდია და განვითარებაზე თუ არ იზრუნე, ვერაფერს გახდები. თმის მოვლის საშუალებები მუდმივად უნდა განაახლო. მომხმარებელს მრავალფეროვნება მოსწონს", - აცხადებს სილამაზის სალონის მფლობელი ჩვენთან საუბარში.
რამდენიმე სილამაზის სალონის მეპატრონეებისა და სტილისტების თქმით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, იძულებული გახდნენ ფასები მოემატებინათ. "სხვა გამოსავალი არ გვქონდა. მცირედით, მაგრამ რამდენიმე ლარით გავაძვირეთ მომსახურება. ხარჯები როგორღაც უნდა დაგვეფარა, მაგრამ დიდი ვერაფერი შეღავათი. ხალხი უფრო მეტად დაფრთხა -გაგიძვირებიათო და ნაკადი უფრო მეტად შემცირდა", - ამბობს ერთ-ერთი სტილისტი.
თინიკო, კოსმეტოლოგი: "5 წელია ამ სფეროში ვარ დაკავებული. ახლა იმ რაოდენობის მეოთხედიც არ დადის, რაც წინა წლებში. იმის გამო, რომ ფიტო და დიოდის ეპილაცია უფრო ძვირია, ამ აპარატის ჩართვა თითქმის აღარც მიწევს ხოლმე".
თეო, მანიკიურის სპეციალისტი: "ბოლო თვენახევარი საკმაოდ გართულდა მუშაობა. ძალიან შემცირდა ხალხი. არადა, ჩვენი სალონი ცენტრში მდებარეობს და დღის განმავლობაში იმდენი ადამიანი შემოდიოდა, შუაღამეს გვიწევდა სახლში წასვლა. ახლა მთელი დღეები უქმედ ვსხედვართ. ყველას ბანკის სესხი გვაქვს და იმაზე ვფიქრობთ, როგორღაც პროცენტი დავფაროთ".
ლალი პაპასკირი