ყოველი მათი ახალი იდეა, ეს არის დამაზიანებელი და უაზრო, - ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებულ ინციატივას, რომლის მიხედვითაც, ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის განთავსება იგეგმება.
გოცირიძის თქმით, ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული თითქმის ყველა იდეა არის უაზრო.
„ოთხი წლის განმავლობაში ამ ხელისუფლებიდან არ მოგვისმენია არც ერთი სიახლე გაკეთებულ საქმეებზე. თუკი რამე კეთდება, ეს არის წინათ დაწყებული საქმის ინერციით გაგრძელება. ყოველი მათი ახალი იდეა, ეს არის დამაზიანებელი და უაზრო. ახლა შემოაქვთ ახალი უქმე დღე. უნდა იზეიმონ დიდგორზე გამარჯვება. თითქოსდა დავით აღმაშენებლის გამარჯვების თანამონაწილეები იყვნენ ეს უქნარა ადამიანები. არავინ უშლის მათ ზეიმს და უქმე დღის დაწესებას. რატომ ვაცხადებთ უქმე დღედ, როცა საქართველო პირველ ადგილზეა მსოფლიოში უქმე დღეებით? ამიტომ ყოველი მათი იდეა არის სასაცილო, არის ხარჯიანი და ქვეყნისათვის დამაზიანებელი,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.
ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის მშენებლობა იწყება, სადაც პრაქტიკულად ყველა სამინისტრო განთავსდება, ერთეული გამონაკლისის გარდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
კვირიკაშვილის თქმით, აღნიშნული ქალაქის მშენებლობისთვის გამოყოფილია საკმაოდ დიდი ტერიტორია.