„არ ვამბობ რომ პროექტი ცუდია, მაგრამ კითხვის ნიშნები მაქვს თუ რამდენად დროულია“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის მშენებლობის შესახებ განუცხადა.
მისივე შეფასებით, პროექტს პოზიტიური მომენტები ნამდვილად აქვს, მაგრამ ქვეყანაში, სადაც სოციალური რისკები ყოველდღიურად იზრდება, ასეთ პროექტებზე საუბარი არ შეიძლება.
„ასეთი ქალაქის არსებობა თეორიაში ცუდი არ არის, მაგრამ შესასწავლია მისი ეკონომიკური ნაწილი. ცოტა ბუნდოვანია მშენებლობის წყარო, თუმცა, ფაქტია რომ ბიუჯეტს დააწვება და მის დეფიციტს კიდევ უფრო გაზრდის. მეტიც, ეჭვი მაქვს არც ხელისუფლებას აქვს ზუსტი წარმოდგენა, თუ როგორი იქნება მთელი ამ სპეცოპერაციის შესახებ საბოლოო ფინანსური ბალანსი,“- ამბობს ხუხაშვილი.
მისივე თქმით, ეს არის ერთჯერადი ოპერაცია და არანაირი კავშირი ეკონომიკურ განვითარებასთან არ აქვს.
„ბიზნესის ხელშეწყობა - არის კატასტროფული არგუმენტი, რაც ყველა ხელისუფლებას მიყვება. ეს არის პირდაპირი აღიარება, რომ ქვეყანაში კერძო სექტორი ვერ ვითარდება და აუცილებლად სახელმწიფომ უნდა მოიგონოს ისეთი პროექტები, რაც სამშენებლო ბიზნესისთვის სტიმული გახდება. ხომ არ შეიძლება, სულ სახელმწიფო შეკვეთების პრიზმაში უყურებდნენ ეკონომიკის განვითარებას,“- აღნიშნა ხუხაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის მშენებლობა იწყება, სადაც ერთეული გამონაკლისის გარდა, პრაქტიკულად ყველა სამინისტრო განთავსდება. პროექტის ერთ-ერთ დადებით ნიშნად კი სამშენებლო სექტორის წახალისება დაასახელა.