რამაზ საყვარელიძე სამთავრობო ქალაქის აშენებაზე - დანარჩენი დაპირებები თუ შესრულებულია, მაშინ რა ჯობია ამ ჩანაფიქრს

თუ მმართველი პარტია საარჩევნო კამპანიის დროს ხალხს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სამთავრობო კომპლექსის აშენებას დაპირდა, მაშინ კარგია, რომ აშენებენ , - ამის შესახებ ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის მშენებლობის საკითხს გამოეხმაურა.

”ხალხს დაპირდნენ თუ არა მმართველი პარტიიდან, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სამთავრობო კომპლექსს ავაშენებთო? თუ იყო ასეთი დაპირება, მაშინ კარგია, რომ აშენებენ. დონალდ ტრამპი პრეზიდენტი გახდა თუ არა, ფაქტობრივად, დღეც არ გააცდინა, ცდილობს რაც შეიძლება ჩქარა შეასრულოს თავისი დაპირებები. ამ დროს ამბობენ, ტრამპი არაა პოლიტიკოსიო, ყველა დანარჩენი ამბობს ჩვენ პოლიტიკოსები ვართო. პოლიტიკას, ისევე როგორც ბიზნესს, უყვარს დანაპირების შესრულება. დანარჩენი დანაპირები თუ შესრულებულია, რა ჯობია იმ ჩანაფიქრს, რომ სამთავრობო სტრუქტურები ქალაქიდან იყოს გატანილი. თუ დანარჩენი დანაპირები შესრულებული არაა და ეს პირობაც ამ პარტიას არ დაუდია, მე არ მახსოვს ყოველ შემთხვევაში, მაშინ მეჩვენება, რომ ეს ნაბიჯი აჯობებს მაშინ გადაიდგას, როცა სხვა ძირითადი დაპირებები შესრულებული იქნება”, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის მშენებლობა იწყება, სადაც პრაქტიკულად ყველა სამინისტრო განთავსდება, ერთეული გამონაკლისის გარდა. პრემიერის თქმით, აღნიშნული ქალაქის მშენებლობისთვის გამოყოფილია საკმაოდ დიდი ტერიტორია.