დღეის მდგომარეობით, საქართველოს საპატიმრო დაწესებულებებში 9 490 პატიმარია. პატიმართა რაოდენობის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა ისაუბრა.
პარლამენტი, პირველი მოსმენით, ”პატიმრობის კოდექსში” ცვლილების პროექტს და მის თანმდევ კანონპროექტებს იხილავს. საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესის ხელშეწყობისათვის დამატებითი მექანიზმების დანერგვას, მსჯავრდებულების უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობისა და მსჯავრდებულთა გათავისუფლებისათვის მომზადების პენიტენციური დაწესებულების შექმნას, მსჯავრდებულთა სასჯელის მოხდისგან ვადამდე გათავისუფლების მექანიზმის დახვეწას, პენიტენციური დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე მართლსაწინააღმდეგო ქმედებების აღკვეთისა და პენიტენციური დაწესებულებების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფას.