საქართველოს მთავრობამ „სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ” კანონპროექტი დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნა.
როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრიდან იუწყებიან, კანონი, რომელიც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ მომზადდა, მიზნად ისახავს სავალდებულო სერტიფიცირებას სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, თესლისა და სარგავი მასალის დაცვის სფეროში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას, ბაზარზე ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის განთავსების უზრუნველყოფას და არეგულირებს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების რეგისტრაციასთან, თესლისა და სარგავი მასალის წარმოებასთან, გადამუშავებასთან, სერტიფიცირებასთან, შენახვასთან, რეალიზაციასთან, მიკვლევადობასთან და ადგილობრივ და იმპორტირებულ თესლსა და სარგავ მასალასთან დაკავშირებულ საკითხებს.
სათესლე მასალის სავალდებულო სერტიფიცირების წინა პროცედურები სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრში FAO-ს მხარდაჭერით 2015 წლიდან დაიწყო. სათესლე მასალის სერტიფიცირება წარმოადგენს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ნაწილს და ქართველ მწარმოებელს სამამულე პროდუქციით საერთაშორისო ვაჭრობაში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №569 დადგენილების „თესლისა და სარგავი მასალის საქართველოში გავრცელების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ“ თანახმად, ქვეყნის მასშტაბით მარცვლეული კულტურების თესლის ნებაყოფლობითი სერტიფიცირება მიმდინარეობს. მარცვლეული კულტურების - ხორბლის, ქერის, სოიას, მზესუმზირის და კარტოფილის სათესლე მასალის ნებაყოფლობითი სერტიფიცირების პროცედურები 2020 წლამდე უფასოდ განხორცილდება.
2018 წლიდან ხორბლის სერტიფიცირება სავალდებულო გახდება.