ცუდია, რომ ჩვენ გვყავს მაძღარი მინისტრები და მშიერი მოსახლეობა, - ამის შესახებ ,,პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ინაშვილის თქმით, როდესაც საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტი მძიმე სოციალურ პირობებში იმყოფება, ქვეყანაში კომპლექსების მშენებლობა დაუშვებელია.
,,ეს ხელისუფლება არის რომელიღაც მწვერვალზე, არ ვიცი ეს ,,ჰაწვალია“ მარტო თუ სხვა მწვერვალებზეც გადაინაცვლეს. სრულიად მოწყვეტილი არიან რეალობას და იმ დაბლობს, რასაც ქართველი ხალხი ჰქვია. დღევანდელი სოციალური სიდუხჭირის პირობებში, როდესაც, ჯანდაცვის მინისტრის მონაცემებით, მოსახლეობის ნახევარზე მეტი ღარიბია და 90 პროცენტი არის გაჭირვებული, ყოვლად დაუშვებლად მიმაჩნია რაღაცა მშენებლობის, სამთავრობო, საპარლამენტო კომფორტისთვის შეიქმნას რაღაც კომპლექსები. დღეს ყოველი თეთრი უნდა დაიხარჯოს ჩვენი თანამოქალაქეების ფიზიკურ გადარჩენაზე. ცუდია, რომ ჩვენ გვყავს მაძღარი მინისტრები და მშიერი მოსახლეობა. როცა ასეთი უკიდეგანო უფსკრული ჩნდება, ეს გადადის სოციალურ და პოლიტიკურ აფეთქებამდეც“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის მშენებლობა იწყება, სადაც პრაქტიკულად ყველა სამინისტრო განთავსდება, ერთეული გამონაკლისის გარდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
კვირიკაშვილის თქმით, აღნიშნული ქალაქის მშენებლობისთვის გამოყოფილია საკმაოდ დიდი ტერიტორია.