ქართული ტრადიციული სუფრის (პურობის) კულტურას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის 13 მარტის ბრძანებაშია ნათქვამი.
„აღნიშნული სტატუსი ქართულ სუფრას საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით ენიჭება,“-აღნიშნულია ბრძანებაში.
ბრძანება გამოქვეყნებისთანავე, ანუ 22 მარტიდან ამოქმედდა. ქართული სუფრის ჩათვლით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 36 ობიექტს აქვს მინიჭებული. მათ შორის, ქართულ პოლიფონიას; ქვევრს; „დედაენას“; ცეკვა ფერხულს; ქართულ ჭიდაობას; სვანური ქუდის, კახური ჩურჩხელის დამზადების ტექნოლოგიასა და ა.შ.
ამათგან 3 კი - ქართული პოლიფონია, ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი და ქართული ანბანის სამი უძველესი სახეობის ცოცხალი კულტურა - UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაშიც არის შეტანილი.
ამასთან, ნიკოლოზ ანთიძის კიდევ ერთი ბრძანებით, რამდენიმე ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსიც მიენიჭა. მათ შორისაა თელავში დაბახნების წყარო, ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარე “ნათლისმცემელი”, ხონის მუნიციპალიტეტში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია და ტყიბულის მუნიციპალიტეტში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.