ახალი მავნებლის „აზიური ფაროსანას“ წინააღმდეგ საბრძოლველად წელს 13 მლნ ლარზე მეტი თანხა დაიხარჯება

ახალი მავნებლის „აზიური ფაროსანას“ წინააღმდეგ საბრძოლველად წელს 13 მლნ ლარზე მეტი თანხა დაიხარჯება, - ამის შესახებ დღეს სურსათის ეროვნულ სააგენტოში გამართულ პრესკონფერენციაზე სააგენტოს უფროსის მოადგილემ გიორგი იაკობაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის ნაწილს დიდი ზიანი მიაყენა ბოლო პერიოდში გავრცელებულმა მავნებელმა „აზიურმა ფაროსანამ“.

„არსებობს დაქირავებული ექსპერტების დასკვნები, რომლის თანახმადაც გასულ წელს ამ მავნებელმა თხილის სექტორს 50-60 მლნ ლარის ზიანი მიაყენა. საქართველოს მთავრობამ დღეს „აზიურ ფაროსანასთან“ ბრძოლის სამპუნქტიანი გეგმა დაამტკიცა,“ - განაცხადა გიორგი იაკობაშვილმა.

მისივე თქმით, ამ გეგმის თანახმად, მაისის შუა რიცხვებიდან ერთი თვის განმავლობაში სამეგრელოში, გურიასა და იმერეთის ნაწილში ნაკვეთების ქიმიური პრეპარატებით შეწამვლა მოხდება. კერძოდ, 1,5 ჰექტარი საკარმიდამო მიწის ნაკვეთის მფლობელებს უსასყიდლოდ შესაწამლი ქიმიური პრეპარატები და ტექნიკა (საწამლი ზურგის აპარატი) გადაეცემათ. სულ ასეთი 48 ათას ჰექტარზე მეტი 110 ათასი საკარმიდამო ნაკვეთია. ხოლო 5 ჰექტრამდე ნაკვეთის მფლობელ ფერმერებს, იაკობაშვილის განცხადებით, უსასყიდლოდ ქიმიური პრეპარატები გადაეცემათ. მათ რეკომენდაციებს გაუწევენ, როგორ შეწამლონ ნაკვეთები და მავნებელთან ბრძოლის რა ღონისძიებები გაატარონ.

სურსათის ეროვნულ სააგენტოს უფროსის მოადგილის თქმით, სამპუნქტიანი გეგმის შემდეგი ეტაპზე მოახდენენ მავნებელის გავრცელების არეალის დადგენას და ამ მხრივ ელექტრონული რუკების შექმნას. გათვალისწინებულია ასევე ფერმერთა პრობლემის შესახებ მეტი ინფორმირებულობა და მათი ჩართვა.

იაკობაშვილის განცხადებით, „აზიური ფაროსანა“ საქართველოში პირველად 2015 წელს დაფიქსირდა და მას სწრაფი გავრცელება ახასიათებს. შედეგად გასულ წელს ზიანი თხილის სექტორმა ნახა.  

„აზიური ფაროსანას“ წინააღმდეგ საბრძოლველად წელს 13 მლნ ლარზე მეტი თანხა დაიხარჯება, საიდანაც 7,5 მლნ ლარს მთავრობა გამოყოფს, დანარჩენს კი ამერიკის მთავრობა. მიზანი მავნებლის პოპულაციის შემცირებაა, სრულ განადგურებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.