სადაზღვევო კომპანია “იმედი L”-ის გენერალური დირექტორი გივი გიორგაძე მიესალმება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში განხორციელებულ ცვლილებას, რომელიც შემოსავლის მიხედვით გამიჯვნას ეხება. ამის შესახებ გივი გიორგაძემ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსა და სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
“მივესალმებით ამ ეტაპზე პროგრამაში განხორციელებულ პრინციპულ ცვლილებას, რაც შემოსავლის მიხედვით გამიჯვნას გულისხმობს. ვთვლით, რომ ეს არის ძალიან კარგი და პოზიტიური ცვლილება, არა უბრალოდ სადაზღვევო ინდუსტრიისთვის, არამედ ზოგადად მიმაჩნია, რომ ეს ლოგიკური და სამართლიანია. ჩვენ მოწოდებული ვართ, რომ ბაზარი გაიზარდოს და ბენეფიციარების ნაწილს, რომელსაც საყოველთაო ჯანდაცვა შეეზღუდება ან მის გარეშე დარჩება, ისინი მაქსიმალურად გადმოვიბიროთ კერძო სადაზღვევო სისტემაში. ჩვენი ვარაუდია, რომ აღნიშნული ცვლილება არის საკმაოდ პოზიტიური, ნამდვილად არ არის ნეგატიური”, - განაცხადა გივი გიორგაძემ.
ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ უწყებაში დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურისა და ათამდე სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დაგეგმილი ცვლილებები გააცნო.