"შაჰ დენიზ 2" საქართველოს 2 მილიარდი აშშ დოლარის უცხოურ ინვესტიციას მოუტანს (ვიდეო)

კომპანია BP სამხრეთ კავკასიის მილსადენის სისტემის გაფართოების პროექტის - "შაჰ დენიზ 2"-ის განხორციელებას იწყებს.

მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული პროექტის საინვესტიციო ღირებულება 28 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით გუშინ სასტუმრო "რედისონში" მიღება გაიმართა, რომელსაც ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, BP-ს რეგიონული პრეზიდენტი აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში გორდონ ბირელი, ასევე მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის წარმომადგენლები, ბიზნესმენები და სტუმრები საერთაშორისო ორგანიზაციებიდან დაესწრნენ.

"პროექტი მოიცავს შაჰდენიზის საბადოს ათვისების მეორე ეტაპს და საქართველოს ტერიტორიაზე სამხრეთკავკასიური გაზსადენის გაფართოებას. ასევე სამხრეთის დერეფნის შექმნას. ეს უზარმაზარი მასშტაბის პროექტია, რომელიც პირველად ისტორიაში კასპიის ზღვის რესურსებს დააკავშირებს ევროპის მომხმარებლებთან საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის გავლით. პროექტის მეშვეობით გაზი მიეწოდება როგორც რეგიონის ქვეყნებს, ასევე საბერძნეთს, იტალიას, ალბანეთს, რუმინეთს", - განუცხადა ჟურნალსიტებს გორდონ ბირელმა.

კახა კალაძის ინფორმაციით, პროექტი შესაძლებელს გახდის დამატებით 16 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება განხორციელდეს აზერბაიჯანიდან ევროპისკენ.

"რის შედეგადაც საქართველო მიიღებს ისეთ დამატებით სარგებელს, როგორიცაა ქვეყანაში შემოსული 2 მილიარდი ამერიკული დოლარის უცხოური პირდაპირი ინვესტიცია, დამატებითი სამუშაო ადგილები, გაზრდილი სატრანსპორტო შემოსავლები და ყველაზე მთავარი - ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გაზრდა", - განუცხადა ჟურნალისტებს კალაძემ.

მინისტრის თქმით, პროექტი საქართველოს საშუალებას მისცემს შეღავათიან ფასში დამატებით ერთი მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიიღოს. ასევე, აშენდება 55 კილომეტრიანი სიგრძის ახალი მილსადენი და დამონტაჟდება ორი ახალი საკომპრესორო სადგური.

კახა კალაძის თქმით, პროექტის განხორციელების პროცესში დასაქმდება 2 000-მდე ადამიანი, ხოლო მილსადენის ამოქმედების შემდეგ 200-მდე ადამიანს მუდმივი სამუშაო ადგილი ექნება.

შაჰ-დენიზის კონსორციუმს BP, როგორც ოპერატორი, ექვს კომპანიასთან ერთად ახორციელებს - Statoil, LUKOIL, SOCAR, Total, NIOC და TPAO. შაჰ-დენიზის საბადოს წილები კომპანიებს შორის ასე ნაწილდება: BP - 25.5%, Statoil - 25.5%, SOCAR - 10%, Total S.A. - 10%, LUKoil - 10%, NIOC - 10%, TPAO - 9%.

LUKOIL ბუნებრივი აირის საბადოს 10 პროცენტს ფლობს. რამდენიმე დღის წინ რეკონსტრუქციისა და განვითარების ეროვნულმა ბანკმა (EBRD) დამატებით 200 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო LUKOIL-ს შაჰ-დენიზ-ის პირველი ეტაპის ტექნოლოგიურად კიდევ უფრო განსავითარებლად და ბუნებრივი აირის მოპოვების მოცულობის გასაზრდელად. აღნიშნული თანხით LUKOIL გეგმავს ბუნებრივი აირის მოპოვება შაჰ-დენიზ 1-ზე წლიურად 2 მილიარდი კუბური მეტრით გაზარდოს, რის შედეგადაც საბადოს წარმოება მთლიანად 8.9 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს წლიურად.

EBRD-მა საერთო ჯამში, დაახლოებით 12.5 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა რეგიონში განხორციელებულ ენერგო პროექტებში.

შაჰ-დენიზის საბადოს პირველი ეტაპის განვითარების პროცესში EBRD-მა LUKOIL-ს თავდაპირველად 180 მილიონი აშშ დოლარი ასესხა, ხოლო აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ს - 170 მილიონი აშშ დოლარი.

Videobpn

2 მილიარდი აშშ დოლარის უცხოური ინვესტიცია და 2000-მდე სამუშაო ადგილი საქართველოსთვის - BP შაჰ-დენიზ-2-ის განხორციელებას იწყებს