მუნიციპალურ ავტობუსებს ახალი ავტობაზა მოემსახურება.
როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, მშენებლობის პროცესი აქტიურ რეჟიმშია.
”უკვე დასრულდა ადმინისტრაციული შენობის და გადასასვლელი ხიდის მშენებლობა, სერვისცენტრისა და დაცვის ჯიხურების სამონტაჟო სამუშაოები. მიმდინარეობს შენობების კეთილმოწყობა. ასევე დასრულდა ავტობუსების სამრეცხაო შენობის მშენებლობა, დაწყებულია სარეცხი დანადგარების მონტაჟი და ტესტირება. ავტობაზის ტერიტორია შემოღობილია, მოწყობილია ბეტონის გზები და ავტობუსების სადგომი ბეტონის მოედნები”, - ნათქვამია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.
კომპანიის ცნობით, ავტობაზა 377 ავტობუსის პარკირების საშუალებას ითვალისწინებს. ბაზა უახლესი ინფრასტრუქტურით იქნება აღჭურვილი, რაც ყველა სტანდარტის დაცვით უზრუნველყოფს მუნიციპალური ტრანსპორტის მომსახურებას. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, კომპლექსის მშენებლობას სამშენებლო კომპანია „დაგი“ ახორციელებს.