ევროკავშირმა ბრაზილიას წინადადებით მიმართა, თავად შეწყვიტოს ხორცპროდუქტების მიწოდება, რათა თავიდან აიცილოს ემბარგო, რომლის მოხსნასაც შემდგომში დრო დასჭირდება.
ამის შესახებ „როიტერი“ ბრაზილიაში ევროკავშირის დიპლომატებზე დაყრდნობით წერს. „როიტერის“ ინფორმაციით, ბრაზილია ამის წინააღმდეგია.
ამ დროისთვის ევროკავშირის წარმომადგენლები ცდილობენ მეტი ინფორმაცია მოიპოვონ ბრაზილიაში ხორცის წარმოების მრეწველობაში არსებულ პრობლემებზე. ევროკავშირმა ბრაზილიის მთავრობა მკაცრად გააკრიტიკა იმის გამო, რომ არაადეკვატურად რეაგირებს შექმნილ სიტუაციაზე, რომელიც ადამიანების ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს.
20 მარტს ბრაზილიის მთავრობამ 21 ადგილობრივ კომპანიას ხორცპროდუქტების ექსპორტი აუკრძალა. წინა დღეებში კი ქვეყნის სამი მსხვილი საწარმო დახურა, თანამდებობას ჩამოაშორა 30-მდე ჩინოვნიკი, დააპატიმრა ამ დარგის კომპანიების მენეჯერები და ჩაატარა საწარმოების არაერთი შემოწმება. როგორც ბრაზილიის სამართალდამცავ ორგანოებში განმარტავენ, კომპანიების მენეჯერები ქრთამს აძლევდნენ ჩინოვნიკებს, რათა მათ მოეხდინათ ვადაგასული და გაფუჭებული ხორცის სერტიფიცირება.
კომპანიებს შორის „სადიასა“ და „სიერას“ ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანიები JBS და BRF-იც მოხვდა. აღსანიშნავია, რომ ეს ბრენდები საქართველოშიც იყიდება.
კოკა კვირკველია