”ბებოს ჩურჩხელას” პირველი პარტია სამხრეთ კორეაში ექსპორტზე გავიდა.
რამდენიმე თვეში ექსპორტზე მეორე და უფრო დიდი პარტიის გაგზავნა იგეგმება. ქართული ჩურჩხელა კორეული ჩაის სახლების ქსელში გაიყიდება.
”ამჟამად ერთი სახის ჩურჩხელა გადის ექსპორტზე. კორეელი პარტნიორებისგან მივიღეთ მითითებები და ამ მითითებების საფუძველზე მეორე პარტია შედარებით მრავალფეროვანი იქნება. გავგზავნით როგორც მთლიან, ისე დაჭრილ ჩურჩხელას. ზოგადად, ჩვენი ჩურჩხელა უძაფოდ და ვაკუუმ შეფუთვით მზადდება. პროდუქტი შეფუთული ფორმით იყიდება და ასევე გადის ექსპორტზეც”, - განმარტავს ”ბებოს ჩურჩხელას” გენერალური დირექტორი გელა მესხია.
”ბებოს ჩურჩხელა” ამ ეტაპზე 10 ქვეყანასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს ექსპორტთან დაკავშირებით. საცდელი პარტია, სამხრეთ კორეის გარდა, გასულია პოლონეთში, დიდ ბრიტანეთსა და რუსეთში.
”ამ 10 ქვეყნიდან 2-3 ქვეყანაშიც რომ დაიწყოს ჩვენი პროდუქციის აქტიური ექსპორტი, ძალიან კარგი იქნება,” - დაამატა მესხიამ.
”ბებოს ჩურჩხელა” ზუგდიდში 2014 წელს შეიქმნა და მისი პროდუქცია საქართველოს მასშტაბით დიდ სუპერმარკეტებში იყიდება.
ნანა მღებრიშვილი